ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხონში ავარიისას დაშავებული მესამე პირიც გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ჩვენს ქვეყანას ააცილა საომარი მოქმედებების საფრთხე