ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს სავარაუდოდ „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი აქვს

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს სავარაუდოდ „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი აქვს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცის ანალიზები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და დღეს, ღამის 12:00 საათზე იქნება პასუხი, აქვს თუ არა მას ახალი კორონავირუსი.

„ამ მოკლე დროში ბევრი რამე გავაკეთეთ. რენტგენოლოგიურად პნევმონია არ აღმოაჩნდა არც ამ პაციენტს, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსის ინფექციის ალბათობას. გარდა ამისა, წინასწარი კვლევით, მას სავარაუდოდ აქვს „ბე“ გრიპი. იყო სუსტი დადებითი რეაქცია „ბე“ გრიპზე, რაც შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ ეს არ არის ახალი ავადმყოფი. მას უკვე მეოთხე დღეა, რაც ეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვს და შესაძლებელია, ამიტომ მკაფიო არ გამოვიდა რეაქცია, მაგრამ სავარაუდოდ მას აქვს „ბე“ გრიპი. ყოველ შემთხვევაში, მას პნევმონია არ აქვს. აქვს ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც. დღეს კი ითქვა, რომ ხვალ იქნებოდა პასუხი. მოგეხსენებათ, მაღალია საზოგადოების, თვითონ პაციენტების ინტერესი. დღეს ჩვენ ვთხოვეთ ლუგარის ცენტრს. ისინი დღეში ერთხელ აკეთებენ გამოკვლევას და დილით უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ მოვიდნენ, აიღეს მასალა ამ ჩინელისგან და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალბატონისგან, რომელიც ასევე არის აქ. როგორც გვითხრეს, დღეს, ღამის 12:00 საათისთვის იქნება პასუხი. ჩემი, როგორც კლინიცისტის, წინასწარი ვარაუდია, რომ არც ამ შემთხვევებში, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, კლინიკური და იმ ინსტრუმენტული ლაბორატორიული გამოკვლევებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსის ინფექცია. ამ ჩინელ ახალგაზრდას სავარაუდოდ აქვს „ბე“ გრიპი. რაც შეეხება კიდევ ერთ ქალბატონს, ის კარგად გრძნობს თავს, მისი ანალიზიც აღებულია და ერთად იქნება მათი პასუხები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაში12 მილიონი ზუგდიდის განახლებული ბოტნიკური ბაღის ნაწილი წყლის გუბეებით ივსება
შემდეგი სტატიაინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ