ინჯია მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს – თქვენ რომ ხმა მოგცეთ მმართველმა პარტიამ, ეს იქნება მმართველი პარტიის სირცხვილი!

თქვენ რომ ხმა მოგცეთ მმართველმა პარტიამ, ეს იქნება მმართველი პარტიის სირცხვილი, – ამ სიტყვებით „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს მიმართა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, ნინო სანდოძის გადაწყვეტილება გია გვიჩიანის საქმეზე არასწორი აღმოჩნდა.

„გვიჩიანი გავიცანი, უაღრესად განათლებული, მცოდნე, მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის ქონებაა ასეთი ცოდნით ენერგეტიკაში. 11 წელი იყო საპყრობილეში და აღმოჩნდა, რომ ის უდანაშაულოა. გამაგებინეთ ხალხო, რაზე უნდა იყოს საუბარი? და იმაში, რომ 11 წელი იჯდა, გარკვეული წვლილი თქვენ მიგიძღვით. ვფიქრობ, არ უნდა გადაგეწყვიტათ, რომ თქვენ ამის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი იყოთ. ბოდიში მომიხდია, შეიძლება ემოციურად გამომდის, მაგრამ რაღაც წვლილი ხომ მიგიძღვით ამაში? 11 წელი თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახის წევრი, ან ვიღაც საპყრობილეში. ისე კი არა, ახლა გორში რომ ატარებენ, 10 კაცი რომ ჰყავთ ექიმი, კონსილიუმი და დღეში 25 მნახველი, ასე კი არა, ის იჯდა, ჰკითხეთ აბა მას, რა პირობებში იყო? მე მგონი, სირცხვილია, ქვეყანაში ეს განიხლებოდეს. მაგალითად, თქვენ ხმა რომ მოგცეთ მმართველმა პარტიამ, ეს იქნება სირცხვილი მმართველი პარტიის“, – განაცხადა ინჯიამ, რასთან დაკავშირებითაც სანდოძემ განაცხადა, რომ „ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა“ უნდოდა, თუმცა, მას დეპუტატმა კვლავ კითხვით მიმართა.

„პასუხი თქვენ ბევრს გაეცით 2012 წლამდე, რომლებმაც უდანაშაულოდ გაატარეს წლები იქ, სადაც მართლაც რომ ციხე იყო და თქვენ კარგად იცით, როგორ ეპყრობოდნენ მაშინ და როგორ ეპყრობიან ახლა, რა პირობებში იყვნენ მაშინ, როცა თქვენ მოსამართლე იყავით და რა პირობებში არიან ახლა. შეუძლებელია აქ შედარება გააკეთოთ – დღე და ღამე“, – განაცხადა ინჯიამ, რის შემდეგაც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნულ საკითხზე ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„აბსოლუტურად ყველა ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს და ვთვლი, რომ არც ერთი მათგანის გამოტანის დროს არ დამირღვევია კანონმდებლობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, თუ მოსამართლე იმის შიშით იქნება, რომ მომავალში, 5 წლის, 10 წლის შემდეგ გამოვლინდება ახალი მტკიცებულება და ამის შიშით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეს, რომელიც გადაწყვეტილებას კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიღებს. ცალსახად ვაფიქსირებ, მტკიცებულებები, რომელიც არსებობდა 2006 წელს, დღევანდელი სტანდარტითაც კი იძლევა საფუძველს, გამამტყუნებელი განაჩენი იქნეს გამოტანილი. რა მოხდა 2006 წლის შემდეგ, ჩატარდა ახალი გამოძიება, რომელმაც მოიპოვა ახალი მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები, რომლებმაც ერთობლიობაში საფუძველი შეურყია 2006 წელს არსებულ მტკიცებულებებს. ასე რომ, მოსამართლე ვერ გათვლიდა 2006 წელს, რომ შემდეგში ახალი მტკიცებულებები აღმოჩნდებოდა ამ საქმეში. მორალურად შეიძლება არც ერთ მოსამართლეს არ მოეწონოს, როცა შემდეგში მის მიერ განხილულ საქმეზე ახალი გარემოებები აღმოჩნდება და განაჩენი შეიცვლება. მე ავიღებდი პასუხისმგებლობას და თქვენ შენიშვნასაც მივიღებდი, რომ მორალური უფლება არ მექნებოდა თქვენ წინაშე წარვმდგარვიყავი იმ შემთხვევაში, თუ ერთი პროცენტით მაინც ჩავთვლიდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცადა სანდოძემ და დასძინა, რომ მან „აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“.

„მოსამართლე იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი განსაჯოს, მას აქვს კანონი და ამას გარდა, ის არის მოსამართლე, რომელმაც წინასწარ უნდა განსჭვრიტოს, ეს ყველაფერი მოსამართლის ხელშია. თქვენ წარმოგიდგენიათ, 11 წელი მოწყვეტილი იყო თავის ოჯახს, ეს ხომ მოხდა? ამისთვის ვირჩევთ მოსამართლეს, რომელსაც ეს წინათგრძნობა აქვს, ეს განჭვრეტა აქვს, ამაზეც ფიქრობს, 10 წლის შემდეგაც შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც მის განაჩენს ეჭქვეშ დააყენებს, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა – თქვენი განაჩენი აღმოჩნდა არასწორი“, – განაცხადა ინჯიამ.

წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ის, რაც ხდება ბათუმსა და ზუგდიდში, არის ხელისუფლების მცდელობა, ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და მომავალი წლის ბიუჯეტი გამოიყენოს სათავისოდ
შემდეგი სტატიამარეგულირებელი ორგანო საპროტესტო მედიას საბაბებს უძებნის – ბოკერია