ინგუშები სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად წარდგენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში. აკაკანდა რუსული პრესაც. ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიაშიც გამოეხმაურნენ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს არაერთგვაროვნად აფასებენ. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ინგუშეთში სააკაშვილის დაწინაურების ამბავს პოზიტიურად შეხვდნენ. იქაურმა სამოქალაქო აქტივისტებმა რესპუბლიკის მეთაურს მიმართეს თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი ინგუშეთის პრემიერად დანიშნოს.
მიმართვა სამოქალაქო აქტივისტმა ზაურბეკ ეგიხიმ გაავრცელა. მისი თქმით, ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური მახმუდ-ალი კალიმატოვი ვალდებულია, რომ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება მიიღოს.
მის მიმართვას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. ინგუშების ნაწილი სააკაშვილის პრემიერობას მიესალმება. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველა კორუმპირებულს ციხეში გაუშვებს. ინგუშეთში, ისევე როგორც მთელს რუსეთის ფედერაციაში, კორუფცია ყვავის. ინგუშებმა ისიც კარგად იციან, რომ მათ პრემიერად სააკაშვილს არავინ დანიშნავს, რამეთუ იქ გადაწყვეტილებებს რუსეთი იღებს.
ინგუშეთში არსებული კორუფციის შედეგია ის, რომ დღეს რესპუბლიკის საავადმყოფოებში საშუალება არ აქვთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალონ, არადა ვირუსის გავრცელების მხრივ რესპუბლიკაში კატასტროფული ვითარებაა.
ადგილობრივები არ აღიარებენ კორონავირუსს და მას აფიორად მიიჩნევენ. იმავეს ფიქრობენ ჩრდილოეთ ოსეთშიც, სადაც ანტისამთავრობო აქციებიც კი გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.
ინგუშეთში აქცია არ გაუმართავთ, მაგრამ ხალხი არც სახლში რჩება და არც სოციალურ დისტანციას იცავს. აღსანიშნავია, რომ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სათანადოდ არ მუშაობენ. ინგუშები ვერც რელიგიური ლიდერის – მუფთის გარდაცვალებამ გააჩერა. აღსანიშნავია, რომ მუფთი პირველი იყო, ვინც ინგუშეთში კორონავირუსით გარდაიცვალა.
22 აპრილის მონაცემებით, რესპუბლიკაში 397 ადამიანია ინფიცირებული. მათ ექიმები ფაქტიურად შიშველი ხელებით და მედიკამენტების გარეშე მკურნალობენ. 500.000 მოსახლეობისთვის 397 ინფიცირებული ზედმეტად მაღალი ციფრია.
აქ სიკვდილიანობამაც იმატა. 22 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინგუშებს არ სჯერათ, რომ ისინი კორონათი დაიღუპნენ. ამბობენ, რომ სიკვდილი სხვადასხვა დაავადებებითაა გამოწვეული და ახლა ყველაფერს კორონას აბრალებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთი ინგუში მამაკაცის მიმართვა, რომელიც ნაზრანის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით წევს. ის აცხადებს, რომ საავადმყოფოში არ არის წამლები, არ არის სასმელი წყალი და საკვები, პაციენტები კი უპატრონოდ არიან მიტოვებულნი. მისი თქმით, 40 ავადმყოფს მხოლოდ ერთი მედდა ემსახურება. დანარჩენებმა არსებულ ვითარებას ვერ გაუძლეს და საავადმყოფოდან გაიქცნენ.
ინგუშეთში ფიქრობენ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. არის ვარაუდი, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი: შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: „აიბგას ანექსიაზე საგარეო უწყებამ ერთი ამბავი უნდა ატეხოს“