პაატა დავითაია: „აიბგას ანექსიაზე საგარეო უწყებამ ერთი ამბავი უნდა ატეხოს“

გაგრის რაიონის სოფელი აიბგა, უკვე კრასნოდარის მხარეს ეკუთვნის. აფხაზების მძაფრი და თბილისის ნაზი პროტესტის მიუხედავად, მოსკოვმა მაინც „დაითრია“ ადგილი, სადაც შავი მარმარილო მოიპოვება. როგორ ეხმარებოდნენ ქართველები აფხაზებს “აიბგას” შენარჩუნებაში, რა უნდა ქნას ოფიციალურმა თბილისმა? -ამის შესახებ „თაიმერს“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა– გაგრის რაიონის სოფელი აიბგა უკვე ოფიციალურად ეკუთვნის რუსეთს. როგორ აღმოჩნდა ეს სოფელი რუსების ხელში?

– ეს არ არის ახალი თემა, ამაზე უკვე წლებია რაც ვსაუბრობ. ამ სოფელში მდებარეობს მთა აიბგა, სადაც არის შავი მარმარილოს საბადო. ამ საბადოს გამო დიდი ხანია რაც ჭიდაობა მიდის. თავის დროზე კრემლს ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ აფხაზები. სოჭის ოლიმპიადის წინ რუსებმა ეშმაკობას მიმართეს და სოფლის შიგნით აღმართეს საგუშაგო, თითქოს ეს ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ტერიტორია რუსების საკუთრებად გამოაცხადეს, აფხაზები რომ არ გაღიზიანებულიყვნენ თქვეს, რომ ეს დროებითი იყო. შემდეგ შეიქმნა კომისიები, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა იწელებოდა.

მთელი ამ წლების მანძილზე ვყვიროდი და ვამბობდი, რომ ამას მოჰყვებოდა სერიოზული გართულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ვთხოვდი რომ ამ მიმართულებით განცხადება  გაეკეთებინათ. მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ამბობდნენ რომ აიბგა რუსებს არ წაუღიათ და აფხაზები თავად დაობენ ამ სოფელზე. წლების წინ ჩვენ აფხაზებს დავეხმარეთ, სოფელი აიბგა მათ დარჩენოდათ.

-რანაირად დაეხმარეთ?

– მაშინ ამაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ყველაფერმა ჩაიარა და ეს საიდუმლო აღარ არის.  2008 წლის შემდეგ ჩვენ აფხაზებს მივაწოდეთ რუკები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ აიბგა აფხაზეთის ტერიტორიაა. სოხუმი ამ რუკებით ეჭიდავებოდა რუისეთს და სოფელს არ თმობდნენ. კარგა ხანი გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და დღეს აიბგა რუსეთის საკუთრებაა. მიუერთეს კრასნოდარის მხარეს.

– კრასნოდარის მხარეს რატომ? სოჭისთვის მიეერთებინათ?

-სოჭიც კრასნოდარის მხარეა. აიბგა რომ კრასნოდარის ეკუთვნის, ეს მათ რეესტრშიც გამოჩნდა თავიდან უარყოფდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

– ეს სოფელი ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო რუსებისთვის?

– სოფლის ინტერესი საერთოდ არ აქვთ,. მათ მხოლოდ შავი მარმარილოს საბადოს ინტერესი ამოძრავებთ. ეს არის ანექსია და ეს ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს. საერთაშორისო დონეზე უნდა ატყდეს ამბავი. დღეს ჩვენთვის ანექსიის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე ჩვენი პარტნიორები უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში.

მინდა ცალსახად გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ვინც აიბგას მითვისების თემა გაახმაურა ეს იყო „თაიმერი“ და ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ. როცა ეს ამბავი გავახმაურეთ, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აფხაზეთის საგრეო საქმეთა მინმისტრმა დაურ კობვემ კომენტარი გააკეთა და თქვა სადემარკაციო სამუშაოები მიდის და აიბგა არავის წაუღიაო.

-თქვენ მითხარით, რომ აფხაზები სერიოზულად ჭიდაობდნენ.  თბილისს რატომ არ აქვს სათანადო რეაქცია?

-ვერ გეტვით, რაღაც კი თქვეს. ისიც მას შემდეგ რაც მე „თაიმერით“ გავავრცელე აიბგას ამბავი. განმარტავდნენ, აიბგა არავის მიუთვისებია, ჯერ დავა მიდისო.

– არადა 2014 წელს უკვე რუსული ჯარი იდგა სოფელში.

-ასე იყო, მაგრამ ამას სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. არადა საგარეო უწყების ვალია ანექსიაზე ერთი ამბავი ატეხოს. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ რუსეთმა ჩვენი მიწების ანექსია დაიწყო. აქვე აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ასლან ბჟანიას ინაუგურაციას, რომელიც 23 აპრილს გაიმართა. ოფიციალურმა თბილისმა უნდა განაცხადოს, რომ ისინი არ ცნობენ აფხაზეთში ჩატარებულ ე,წ, საპრეზიდენტო არჩევნებს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიინგუშები სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ
შემდეგი სტატიანიკა მელია: დიახ, ყურს ნუ გჭრით – ივანიშვილი დიქტატურისკენ მიიწევს და ცდილობს, ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში