იმედი კოკაია ლატვიაში კარატისტებისთვის თილისმად და ბრძენ უხუცესად იქცა

ი. კოკაია და რაიმონდ გრაუბე - ლატვიის შეიარაღებული ძალების სარდალი (1999-2003, 2010-2016), გენერალ - ლეიტენანტი

 

ი. კოკაია და რაიმონდ გრაუბე – ლატვიის შეიარაღებული ძალების სარდალი (1999-2003, 2010-2016), გენერალ – ლეიტენანტი

გაზეთ The Financial დაიბეჭდა  საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის თენგიზ პაჭკორიას ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიაში მოღვაწე ჩვენ წარმატებულ თანამემამულესთან იმედი კოკაიასთან. გთავაზობთ ამ სტატიის ქართულ ვერსიას.

კარატისტი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოსა და ლატვიის სპორტისა და კულტურის მეცენატი იმედი კოკაია მიმდინარე წელს ორმაგ იუბილეს – რიგაში ცხოვრების 50 და კარატეში მოღვაწეობის 25 წელს აღნიშნავს. მისი სახელი ცნობილია ლატვიის სპორტულ, საზოგადოებრივ და საქმიან წრეებში, მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია როგორც კარატისტი ვეტერან სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე: იმედი კოკაია არის 1997 წლის ინგლისში ჩატარებული მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ( 35 წელზე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის), 2002 წ. საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფესტივალისა და 2017 წლის ბალტიის ოლიმპიადის გამარჯვებული ( შესაბამისად 36-50 წწ და +50) , 2015 და 2016 წწ პორტუგალიაში და უკრაინაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი ( შესაბამისად +45 და +50 წწ), 2018 და 2019 წწ ევროპული თასის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი ( 51 – 60 წწ), ბოლო 20 წელიწადში ლატვიის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი და პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს „Platinum Lifetime Contribution To The Martial Arts“ მფლობელი(2017 წ. ).
მასზე მრავალი მქონდა გაგონილი ჯერ კიდევ 1980-ბოლოს და 1990 -იანი წლების დასაწყისში როცა სოხუმში ვცხოვრობდი. მის შესახებ მიყვებოდნენ საქართველოს სპორტის მოღვაწენი და ლატვიაში ქართული დიასპორის წევრები, სადაც იმ ეპოქაშიც და ბოლო 10 წლის მანძილზე ხშირად მიწევდა ჩასვლა. იმედი 2016 წელს გავიცანი თბილისში მოქმედი სოხუმის უნივერსიტეტის შენობაში ლატვიის აუდიტორიის (ლატვიის კულტურული ცენტრის) გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე. სწორედ მაშინ მან მითხრა, რომ კარატეს გარდა, რომელსაც აგერ უკვე 25 წელია მისდევს, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ბავშვობიდან ოცნებობდა ფეხბურთელობაზე, ჯერ კიდევ მშობლიურ ოჩამჩირეში ცხოვრებისას საათობით თამაშობდა ფეხბურთს, მისი კუმირი ლეგენდარული ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა“ და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1966 წ. მსოფლიო ჩემპიონატის მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი მურთაზ ხურცილავა ყოფილა. ჩემ შეკითხვაზე „პირადად თუ იცნობთ მურთაზ ხურცილავას?“ იმედის პასუხი იყო: „მრავალჯერ მიცქერია მისი თამაშისთვის სტადიონებზე თუ ტელეეკრანზე, მაგრამ პირადად ჯერ არ შევხვედრილვარ“. მეორე დღესვე მოვაწყე ი. კოკაიასა და მ. ხურცილავას, ვლადიმერ გუცაევის, რევაზ ძოძუაშვილის, ლევან ნოდიასა და სერგო კუტივაძის შეხვედრა (2016 წ.),რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეზოში და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე განთავსებულ „ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების ალეაში“ შედგა.

2017 წ. ატლანტიკ სიტი, აშშ – ი. კოკაიას დაჯილდოვება „Platinium Lifetime Contribution to the Martial Arts“

ისეთი შეგრძნება იყო, რომ ი.კოკაია და ქართული ფეხბურთის ვეტერანები თითქოს უკვე მრავალი წლის ნაცნობ-მეგობრები იყვნენ, მათ ერთმანეთს ძალიან სწრაფად გაუღეს გულის კარი.
ამ სტატიის ავტორი კინორეჟისორ გოგი თორაძესთან ერთად 2018 წლის ოქტომბერში „ერთა ლიგის“ ლატვია-საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მატჩს დაესწრო რიგაში. რიგის საერთაშორისო აეროპორტში შედგა ი.კოკაიას გაცნობა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, თბილისის „დინამოსა“ და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანთან ალექსანდრე ჩივაძესთან. მაშინ ი. კოკაიამ ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთნ ერთად რიგის აეროპორტში ძალიან თბილი და ემოციური დახვედრა მოუწყო საქართველოს საფეხბურთო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყო ა. ჩივაძე. 2018 წლის ოქტომბერში ი.კოკაია და ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოება „სამშობლოს“ გამგეობის იმდროინდელი თავმჯდომარე, 1986 წლიდან რიგაში მცხოვრები გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი და წარმატებული მწვრთნელი ნუგზარ მძინარიშვილი იყვნენ ჩივაძისა და რიგაში ქართული დიასპორისა და ლატვიაში ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის და იმავდროულად ალ. ჩივაძისადმი მიძღვნილი გ. თორაძის ფილმის „ფეხბურთის პროფესორის“ ჩვენების ორგანიზატორები. თავის მრავალმხრივ სპორტულ და საზოგადო მოღვაწეობის, ლატვიაში ქართული დიასპორის აქტიური დახმარებისა და ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარებისათვის იმედი კოკაია იმსახურებს, რომ მის მოღვაწეობაზე უფრო მეტი რამ იცოდეს მკითხველმა.

– ბავშვობაში ოცნებობდით ფეხბურთელობაზე,თუმცა გახდით კარატისტი.
-დავიბადე 1948 წლის 6 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. მამაჩემი
თევდორე (1907-1975) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი იყო, ჰიტლერის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლებში გამოიჩინა თავი როგორც მეომარმა და ოფიცერმა, დაჯილდოვებული იყო საბრძოლო ჯილდოებით. ომის შემდეგ მამა სოფელ ახალდაბის საბჭოს თავმჯდომარედ და სოფლის სკოლაში სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგად მუშაობდა. დედაჩემი ეთერი ჯანაშია-კოკაია (1923-2003) სოფელ ახალდაბის სკოლაში მუშაობდა. ოთხი ძმა და ერთი და ვიყავით, ჩემ ახლობლებს და თანასოფლელებს ძალიან უყვარდათ სპორტი და ეს მეც გადმომეცა, ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი მძლეოსნობით, ძალოსნობით და ჭიდაობით, მიყვარდა საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვა, ვმონაწილეობდი საბავშვო და ჭაბუკთა ტურნირებში და საპრიზო ადგილებსაც ვიკავებდი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ფეხბურთი და განა შემთხვევით? – 1960-1970 წლებში თბილისის „დინამო“ იყო ერთერთი ყველაზე ტექნიკური გუნდი არამარტო სსრკ-ში, არამედ ევროპაშიც, რომელსაც იმ დროს „საბჭოთა ბრაზილიელებს“ ეძახდნენ და ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშს ყველგან აფასებდნენ. სოფლის ბავშვებთან ყოველ დღე საათობით ვთამაშობდი ფეხბურთს, თუმცა მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ფეხბურთელი ვარ გავხდი, მაგრამ ის რაც ფეხბურთმა მასწავლა – სპორტული აზარტი და თამაშის მშვენება – ცხოვრებაში ბევრჯერ გამომადგა, მათ შორის კარატეშიც კი, რომელსაც აგერ უკვე 25 წელია მივსდევ. სკოლის დასრულების შემდეგ (1966) საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში ვაბარებდი, ჩასარიცხად რამდენიმე ქულა დამაკლდა, შემდეგ გამიწვიეს ჯარში. ჩემი სამხედრო სამსახური (1967-1969 ) ბელარუსში გავიარე, ჯარში მძლეოსნობითა და ძალოსნობით ვიყავი დაკავებული, ვმონაწილეობდი შეიარაღებული ძალების ტურნირებში და საპრიზო ადგილებსაც ვიკავებდი. ჯარის დასრულების შემდეგ ახალდაბაში დავბრუნდი, დავიწყე ინსტიტუტში ჩასარიცხად მზადება – ლენინგრადში(1991 წელს ამ ქალაქს აღუდგინეს ისტორიული სახელი -სანქტ-პეტერბურგი) მინდოდა წასვლა, თუმცა, ჩემმა თანასოფლელმა, რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კურსელმა მარლენ მიქიანმა გადამაფიქრებინა და რიგაში წასვლაზე დამითანხმა. მარლენის მონათხრობმა რიგაზე და მისმა რჩევებმა გადამაწყვეტინა და 1970 წელს გავემგზავრე ლატვიაში.

ი. კოკაია და ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი რიგაში

-რიგაში სწავლობდით, მისდევდით სპორტს და დარჩით იქ. უკვე 50 წელია რაც იქ ცხოვრობთ!
– სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია-ეს სიამოვნებაა, ეს
თვითგადარჩენაა, ეს სიხარულია და ცხოვრების მშვენება. დავამთავრე რიგის საამშენებლო ტექნიკუმი სპეციალობით საწარმოო და ბინათმშენებლობა, შემდეგ იმავე სპეციალობით გავაგრძელე სწავლა ლენინგრადის სარკინიგზო სატრანსპორტის ინსტიტუტის რიგის ფილიალში. 1975 წლიდან 1990 წლამდე ვმუშაობდი ლატვიის სამშენებლო ორგანიზაციებში, ჩემი მონაწილეობით აშენდა მრავალი საწარმო თუ საცხოვრებელი ობიექტი ლატვიაში. 1991 წელს რიგაში დავაარსე სატრანსპორტო-საექსპედიტორო და საბაჟო-საბროკერო კომპანია K.I.F. (ეს ჩემი გვარი, სახელი, მამის სახელია) , რომლის უცვლელი ხელმძღვანელი ვარ დღემდე. ამ კომპანიას თითქმის 30 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე ყველა ტიპის ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროში. 2003 წელს ლატვიის შემოსავლების სამსახურმა ჩემი კომპანია K.I.F. დააჯილდოვა „საპატიო სიგელით“, როგორც ყველაზე მსხვილი გადამხდელი მცირე საწარმოებს შორის,
ხოლო 2016 წელს ლატვიის სახელმწიფო თავდაცვის ფონდმა (Lāčplēsis ) დამაჯილდოვა
„ბრინჯაოს საპატიო ნიშნით“ ლატვიის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოსთან მეგობრობის განვითარების აქტიური მხარდაჭერისთვის.

– ლატვიაში ეხმარებოდით საქართველოსთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობაში?

ი. კოკაია ნინო და ილიკო სუხიშვილებთან ერთად

– შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარები კულტურული ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებაში, რაც უკავშირდება ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ლატვიაში. ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოების „სამშობლოს“ გამგეობის წევრი ვარ 2011 წლიდან, რომლის თვმჯდომარე ბოლო 10 წლის მანძილზე წარმატებული ჩოგბურთელი და მწვრთნელი, 1960- იანი წლებში უიმბლდონის ტურნირების მონაწილე ნუგზარ მძინარიშვილი იყო. სამი თვის წინ ამირჩიეს საზოგადოება „სამშობლოს“ გამგეობის თავმჯდომარედ. ვაპირებ, ლატვიასა და საქართველოს შორის სპორტული, კულტურული და განათლების სფეროებში თანამშრომლობისკენ მიმართული პროექტების აქტიური მხარდაჭერის გაგრძელებას, რომელსაც წინა წლებში შეძლებისგვარად ვახორციელებდით ლატვიაში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. ეს საქმიანობა ლატვიაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით და კოორდინაციით ტარდება. როგორც ბიზნესმენი და მეცენატი წინა წლებში ვაფინანსებდი საქართველოდან ლატვიაში ჩამოსული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტებს, სამხატვრო გამოფენებს, რიგაში საქართველოსა და ლატვიის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ წიგნების გამოცემებს. მსურს ლატვიის მთავრობისადმი, კულტურის საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელიც ზემოაღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში გაგვიწიეს. ამ ღონისძიებების ამოცანა იყო საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება.

ი. კოკაია დაჯილდოვებისას

– სპორტშიც მიაღწიეთ წარმატებებს და საერთშორისო ტურნირებშიც აგრძელებთ მონაწილეობას.

– 25 წელია რაც კარატეში ვვარჯიშობ, 1997 წლიდან ვმონაწილეობ საერთაშორისო ტურნირებში -ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში. ვარ 1997 წ. ინგლისში ჩატარებული მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ( 35 წელზე უფროს სპორტსმენებს შორის), 2002 წ. საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფესტივალისა და 2017 წლის ბალტიის ოლიმპიადის გამარჯვებული ( შესაბამისად 36-50 წწ სპორტსმენებს შორის და +50) , 2015 და 2016 წწ პორტუგალიაში და უკრაინაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი ( შესაბამისად 45 და 50 წელზე უფროს სპორტსმენებს შორის), 2018 და 2019 წწ ევროპული თასის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი ( 51 -60 წწ), ლატვიის ჩემპიონი (2001 წ.+35 და 2017წ.+50) და მრავალგზის პრიზიორი 2015-2019 წწ (შესაბამისად +45 , +50), ვარ შეტოკან კარატე-დოს შავი ქამრის მფლობელი. 2017 წელს მიწვეული ვიყავი საბრძოლო ხელოვნების ჟურნალის „Action Martial Arts Magazine“ მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე “Hall of Honors“ ატლანტიკ- სიტიში, სადაც საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დამაჯილდოვეს „Platinum Lifetime Contribution To The Martial Arts“. ჩემთვის ეს ჯილდო ძვირფასია, ის არის კარატეში ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის ერთგვარი აღიარება. იხ. ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=3EXHfwn756A&fbclid=IwAR1Ct4BTroI3QJHs_K1b-6IBx71m-UMgwRAvZ40Tpf8NVy1s-TvIyi35Nwo
ვისარგებლებ შემთხვევით და გულითად მადლობას გადავუხდი ლატვიაში ჩემ მწვრთნელებს – ლეონიდ ვასილევს, ალექსანდრე დუდოლადოვს, იგორ სიროტკინსა და ვალერი ნოვაკშენოვს. მსურს აღვნიშნო, ჩემი მეუღლე აელიტა კიზირია ( დავქორწინდით რიგაში 1971 წელს, მან ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა), ვაჟი ბიქტორი (ეკონომისტია, დაამთავრა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი ) და ქალიშვილი ინგა (ექიმი-დეტმატოლოგი, დაამთავრა ლატვიის სამედიცინო აკადემია) გაგებით ეკიდებიან, რომ ჩემი სოლიდური ასაკის მიუხედავად (იცინის) აქტიურად ვაგრძელებ ვარჯიშს და გამოვდივარ შეჯიბრებებზე როგორც ლატვიაში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩემი ოჯახის წევრებს მშვენივრად ესმით ჩემი ცხოვრების ფილოსოფია».

ი. კოკაია, მ. ხურცილავა, თ. პაჭკორია

როგორც სტატიის ავტორმა, მინდა აღვნიშნო, ი. კოკაიას ცხოვრების ფილოსოფია დიდებულად აღწერა ერთერთმა მისმა მწვრთნელმა, ლატვიის კარატე-ჯიცუს ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა იგორ სიროტკინმა. ის წერს: „იმდენად მივეჩვიე კარატეს დარბაზში მოვარჯიშე იმედი კოკაიას, რომ მგონია ის ყოველთვის იყო იქ. იმედიმ შოტოკან-კარატეში ვარჯიში საკმაოდ მოწიფულ ასაკში დაიწყო. ბევრმა მისმა თანატოლმა საფუძვლიანად დაივიწყა რას ნიშნავს სპორტული ვარჯიში, მაგრამ იმედის აქტიური ცხოვრება მუდმივად გრძელდებოდა – იყო გატაცებული ჭიდაობით, კრივით, ძალოსნობით, ფეხბურთით, შემდეგ კი თავისი ძალები კარატეში მოსინჯა, არ იუკადრისა დაეწყო ვარჯიში დამწყები სპორტსმენების მხარდამხარ და დამწყების თეთრი ქამარი შემოირტყა. წლიდან წლამდე, შეუპოვრად ეუფლებოდა ამ უძველესი ხელოვნების სიბრძნეს, ვითარდებოდა, წარმატებით აბარებდა საატესტატო გამოცდებს, ეუფლებოდა ყველა სასწავლო ეტაპს , რომლებიც სხვადასხვა ფერის ქამრებით გამოიხატება და საბოლოოდ გახდა შავი ქამრის მფლობელი! მაგრამ იმედი არც ამას დაკმაყოფილდა, იგი აგრძელებდა სრულფასოვან სპორტულ ცხოვრებას, მონაწილეობდა ლატვიისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, იმარჯვებდა და ეუფლებოდა ტურნირებში როგორც კატაში ასევე კუმიტეში!

სპორტულ ტატამზე ყოველი მისი გამოსვლა მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს – მიუხედავად მსაჯების გადაწყვეტილებისა, მაყურებელი დამსახურებული აპლოდისმენტებით აჯილდოვებს. ეს არცაა გასაკვირი – ბრძოლისას იმედი წარმოაჩენს მოწინააღმდეგისადმი პატივისცემას, გამარჯვების ჟინს, დაუოკებელ აზარტს და დაუვიწყარ ტექნიკას! ნებისმიერ ქვეყანაში მას მრავალი მეგობარი ჰყავს. სხვაგვარად არც შეიძლება, ადამიანი , რომელიც ყოველთვის გულღია და გულწრფელია. 2017 წელს იმედი მონაწილეობდა პრესტჟულ ღონისძიებაში „Hall of Honors“ რომელსაც საბრძოლო ხელოვნების ჟურნალი „Action Martial Arts Magazin“ ატარებს ატლანტიკ- სიტიში (აშშ). „საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და გამორჩეული მიღწევებისთვის“ იმედი კოკაია დააჯილდოვეს „Platinium Lifetime Contribution to the Martial Arts“-ეს არის მისი კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილის დამსახურებული შეფასება. იმედი თავისი მაგალითით დამაჯერებლად გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა დაეუფლო კარატეს და როგორ სასიკეთოდ ზემოქმედებს კარატე ადამიანის განვითარებაზე. იმედი კოკაია ჩვენ თილისმად, ჩვენ ბრძენ უხუცესად იქცა, რომლის სიტყვას ყურს უგდებენ და ისმენენ “.

ი. კოკაია და ვ. გუცაევი

ლატვიის კარატეს ფედერაციის წარმომადგენელის და ცნობილი მწვრთნელის ეს სიტყვები არ საჭიროებს დამატებით განმარტებებს – ისინი ი.კოკაიას მოღვაწეობის არსს და ხასიათს ასახავენ.
დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ ი. კოკაია აქტიურად ეხმარებოდა ცნობილ ქართველ კინორეჟისორს გოგი თორაძეს სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმის «ადმირალი სპადე» გადაღებებში რიგაში. ფილმი მიეძღვნა ლატვიის ეროვნული გმირის, ლატვიის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელის, ადმირალ თეოდორ სპადეს (1891-1970) ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელიც 1917-1918 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ფლოტის შექმნაში. თ. სპადე დაქორწინებული იყო ქართველ ქალზე ნადეჟდა შველიძეზე, რომელიც ბათუმში გაიცნო. აღნიშნული ფილმი საქართველოსა და ლატვიის ერთობლივი ნამუშევარია, გადაღებები მიმდინარეობდა 2019 წლის პირველ ნახევარში ბათუმსა და რიგაში. ამ სტრიქონების ავტორთან საუბარში რეჟისორმა გოგი თორაძემ აღნიშნა: «ფილმი «სპადე» შექმნილია საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებით, საქართველოში ლატვიის ელჩის ინგრიდა ლევრენცეს და ავიაკომპანიის „ეირბალტიკის“ მხარდაჭერით, რიგის ეპიზოდების გადაღებების საორგანიზაციო- ტექნიკური საკითხების მოგვარებაში აქტიური როლი ითამაშა ლატვიაში ქართული დიასპორის ერთერთმა ცნობილმა მოღვაწემ, კულტურის და სპორტის დიდმა დამფასებელმა იმედი კოკაიამ, რომელმაც აგრეთვე ითამაშა როლი ამ ფილმის ერთერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში». ამ ფილმის ქართული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა 2019 წლის ოქტომბერში თბილისში, კინოს სახლში, ხოლო ლატვიური ვერსიის პრემიერა ჩატარდება უახლოეს თვეებში რიგაში ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლატვიის კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის მონაწილეობით.

თენგიზ პაჭკორია
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

banner
წინა სტატიაში“არავის შევაზღუდინებთ სიტყვის თავისუფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან”
შემდეგი სტატიამდინარე ტეხურში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო