ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვიდა. ალიევის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. აზერბაიჯანის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები დახვდნენ. ილჰამ ალიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი მარნეულშიც ჩავა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას. იგეგმება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ქალბატონ ირმას ვურჩევ, “რესპუბლიკურ პარტიას” თავი დააანებოს