„იყო მუქარა, დაგიჭერთო, ჩაგაყუდებთო, შენნაირი აქ ათასი გვყოლიაო, აღიარე თორემ შენ ძმას პრობლემებს შევუქმნითო“ – ლუკა სირაძის ძმა

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:03

„იყო მუქარა, დაგიჭერთო, ჩაგაყუდებთო, შენნაირი აქ ათასი გვყოლიაო, აღიარე თორემ შენ ძმას პრობლემებს შევუქმნითო“ – ლუკა სირაძის ძმა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ მის ძმას, პოლიციის განყოფილებაში უყვიროდნენ, ემუქრებოდნენ და მისგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. კონკრეტულად, რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„10 რიცხვში, დილით დარეკეს და დედა და ჩემი ძმა დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც ვიცი, დაკითხვა თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, იყო თავიდანვე აგრესია, მუქარა, შეურაცხყოფა. ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში, თუმცა დედამ ითხოვა, რომ ნახავდა კამერის ჩანაწერს და თუ ის ამოიცნობდა თავის შვილს არ იქნებოდა ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა. უთხრეს რომ ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ გაგრძელდა ისევ ყვირილი, მუქარა, დაგიჭერთ, ჩაგაყუდებთ, შენნაირი აქ ათასი ყოფილა, აღიარე თორემ შენ ძმას პრობლემებს შევუქმნით სასწავლებელში“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედას რამდენიმე წუთით პოლიციის განყოფილების დატოვება მოუწია,

„ამის შემდეგ, 15-20 წუთი დედას მოუწია სახლში წასვლა პოლიციის თანამშრომელთან ერთად, თუ არ ვცდები, ლუკას მასწავლებლის ნომერი უნდოდათ რაღაცის დასადგენად. ლუკას დაკითხვა 4 საათი გრძლდებოდა და რომ ვერ უმტკიცებდნენ დანაშაულს და არც ლუკა აღიარებდა მის ჩადენას, თვითონაც დაიძაბნენ, ჩემი ძმა ხმამაღალი ტონით საუბრობდა, „ისიც“ აგრძელებდა მუქარას ამ დროს სცადა დედამ ჩემი ძმის დამშვიდება. ამ ხმაურის დროს, იქ მჯდომი პოლიციელი ადგა და ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა დედის თვალწინ. 2-3 წუთის შემდეგ კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა რომ შესულიყო მასთან. როდესაც გამოვიდა კაბინეტიდან ლუკა, ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას. როგორც ვიცი ჩემმა ძმამ მოითხოვა სოციალური დახმარებაც და ამაზეც უარი უთხრა იმიტომ, რომ დედასთან ერთად იყო“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics