იენს სტოლტენბერგი: ვხედავთ, რუსეთი თავისი სურვილის დემონსტრირებას ცდილობს, რომ გამოიყენოს ძალები მეზობლების წინააღმდეგ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში დაგეგმილ ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე რუსეთს მოუწოდა გამჭვირვალე იყოს საკუთარ სამხედრო ქმედებებში, რათა შემცირდეს დაძაბულობა და ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული.

“ვხედავთ, რუსეთი თავისი სურვილის დემონსტრირებას ცდილობს, რომ გამოიყენოს ძალები მეზობლების წინააღმდეგ როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. მოვუწოდებთ რუსეთს იყოს გამჭვირვალე სამხედრო ქმედებებში, რათა შემცირდეს დაძაბულობა და თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია. NATO წარმოდგენილია შავი ზღვის რეგიონში, რადგან შავი ზღვის სახელმწიფოები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ალიანსის წევრები არიან. ასევე ამავე რეგიონში ჩვენი 2 ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინაა. ჩვენ ვოპერირებთ ამ რეგიონში, თუმცა ეს არ არის მუქარა რუსეთისთვის. ეს არის მთლიანად თავდაცვითი სამხედრო წარმომადგენლობა,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში დაძაბული ვითარების შესახებაც ისაუბრა და მოკავშირეებს მოუწოდა, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად ძალების გასაერთიანებლად.

“ბატონო სტოლტემბერგ, დიდი მადლობა, რომ მე და ჩემი ქართველი კოლეგა დაგვპატიჟეთ რიგაში იმისათვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ მინისტერიალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და შესაძლებლობაა დისკუსიისთვის. ჩვენ ვხედავთ ძალიან დაძაბულ და საშიშ სიტუაციას შავი ზღვის რეგიონში. მნიშვნელოვანია შავი ზღვის პარტნიორები წახალისდნენ იმისათვის, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინასა და საქართველოსთან. ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით იქნება ძალიან საჭირო და დროული,” – ამბობს დმიტრო კულება.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ჩვენი აპლიკაციით მოქალაქეები უკვე შეძლებენ, თავისუფლად შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიასარჯველაძე გამოდის ინიციატივით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, კომიტეტის ფარგლებში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ