იენს სტოლტენბერგი – ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული

ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, შვედეთი გახდება ნატო-ს წევრი და ეს კარგია როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ალიანსისთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ნატო-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში ყოფნით ბალტიისპირეთის უსაფრთხოების დაცვის ამოცანა ხდება უფრო იოლი ნატო-სთვის. ამიტომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ისტორიული მომენტი და ისტორიული სამიტი. თურქეთმა მანამდე წამოწია ლეგიტიმური შეშფოთებები, რომელიც მას აქვს უსაფრთხოების საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ტერორიზმთან. მადრიდის სამიტის შემდეგ, სადაც ჩვენ შევთანხმდით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში მიპატიჟებაზე, შვედეთმაც და ფინეთმაც გადადგეს ნაბიჯები ტერორიზმთან საბრძოლველად. შვედეთმა შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, გაამკაცრა ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონმდებლობა. მათ შექმნეს მექანიზმი, რათა მოხდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შვედეთსა და თურქეთს შორის და ცოტა ხნის წინ შვედეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობაში. სწორედ ეს გახლავთ მაგალითები, თუ როგორც ხდება მადრიდის სამიტზე დადებული შეთანხმების შესრულება. როგორც შვედეთის მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, მე მივესალმები ნატო-ში მის წევრობას და ჩვენ, ყველა, უფრო დაცული ვიქნებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, ელოდებით თუ არა, რომ თურქეთის გადაწყვეტილების შემდეგ, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, თურქეთი მიიღებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს აშშ-ისგან, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ეს ვაშინგტონის მისაღები გადაწყვეტილებაა და თავად თურქეთის ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ ვერ ხედავს კავშირს ამ ორ თემას შორის.

„ნატო-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოკავშირეებს შორის შეიარაღების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დიალოგს თურქეთსა და აშშ-ს შორის F-16-ების შესახებ, თუმცა ეს არ გახლავთ იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც გუშინ გაფორმდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს უახლოეს ხანში გადააგზავნიან თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად, თუმცა ზუსტი დრო, როდის უყრიან კენჭს ამ დოკუმენტს თურქი პარლამენტარები, მისთვის უცნობია. სტოლტენბერგის თქმით, მთავარია, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცების პირობა დადებულია და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება აუცილებელად მოხდება.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა აფხაზეთში-რუსი ტურისტები ადგილობრივებს გადახდილი თანხის დაბრუნებას თხოვენ
შემდეგი სტატიაშსს-მ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო