იენს სტოლტენბერგი – საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია

საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში ნატო-ს მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.

„გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა ალიანსის შტაბბინაში. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს 17 მოკავშირე. ეს ყველაფერი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ერთობლივი ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ჩვენი ერთობლივი ცენტრი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მივესალმებით პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების გატარების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტიან ინსტიტუტებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ ამ გზის გაგრძელებისკენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აღნიშნული რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ორივე რეგიონიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებულ აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ
შემდეგი სტატიასაქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა