იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს

ნატო-ს კარგი ღია რჩება. ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ჩვენ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს. ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები რომ გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ორიენტირებული იყვნენ რეფორმების გატარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაზე. მისი თქმით, სწორედ ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს და უკრაინას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოსა და უკრაინისთვის, ორი განსხვავებული ქვეყნისთვის, განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით, მაგრამ ორივენი ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან, მათთვის ჩემი გზავნილი არის ის, რომ ორიენტირებული უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რეფორმების შესრულებაზე. ჩვენ ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ ამ რეფორმების გატარების მცდელობებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, გახდება თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატო-ს წევრი, ეს თავად სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამ პროცესის უარყოფა კი რუსეთს არ შეუძლია.

„გახდება თუ არა ქვეყანა ნატო-ს წევრი, ეს თავად ამ ქვეყნის და ნატო-ს წევრების გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ზოგჯერ იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთს აქვს ვეტო, რომლითაც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია უარყოს. საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენულ სახელმწიფოს უფლებას, შემოგვიერთდეს“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” აქცია ენგურის ხიდზე ოკუპაციის და საოკუპაციო ზოლთან ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად
შემდეგი სტატიანოქალაქევსა და ლეძაძამეში სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო