იაგო ხვიჩია – მინდა რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ

ყველას გილოცავთ ამ შეთანხმების მიღწევას – საკუთარ თავსაც, ჩემ ოპონენტებსაც, ხელისუფლებასაც და მინდა, ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ, – ამ სიტყვებით დაიწყო „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლა.

როგორც მან განაცხადა, მისი სურვილია, რომ აქ ამ დარბაზში იყოს ნიკა მელია, თან მალე და ეს პროცესი შერიგებით დაიწყოს. ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გასცემს, დაფიქრდნენ, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ მოყვასს გაუკეთონ ის, რაც არ უნდათ რომ თვითონ მათ გაუკეთონ.

როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილების სანაცვლოდ, კორექტულობის და მეგობრულობის ნიშნად, „გირჩი“ პირბადეების გაუკეთებლობაზე უარს ამბობს და ისინი ამ ფორმით დაუმორჩილებლობის აქტს წყვეტენ.

„მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს პარალმენტი. დიდი ხანია ეს შენობა არ ყოფილა იმ გაგებით პარლამენტი, რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია. მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა და უარი არ ვთქვათ მასზე მიუხედავად იმისა, თუ ვის თავში დაიბადა ის. მე მინდა, რომ ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს და აწუხებს ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა. მე მინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ ისხდნენ ციხეში, ეს უბრალოდ საშინელებაა და მინდა მოვისმინოთ მომავალში, თუ რატომ გვგონია მაგალითად, ნარკოტიკების მომხმარებლები უდანაშაულონი სისხლის სამართლის მიზნებისთვის, რასაკვირველია. მინდა, ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა ნაცვლად საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემისა. მინდა თავისუფალი სკოლა, სადაც მოსწავლე დიდების თანასწორი ადამიანია და მას არ უყურებენ, როგორც უუფლებოს.

დაბოლოს, ძალიან მინდა, ისე, როგორც დღეს გადავდგით ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ისე გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება იქამდე, ვიდრე ადამიანები ჩაკეტილები არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ. ამიტომ თუ გვინდა „დავრესტარტდეთ“, ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ. ჩემი სურვილების სანაცვლოდ, პირველ დათმობაზე მე თვითონ რომ წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვატარებთ პირბადეებს არც ამ დარბაზში და არც სხვაგან, კორექტულობის და მეგობრულობის ნიშნად, ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს „გირჩის“ წარმომადგენლები ვწყვეტთ და ამ გამოსვლის შემდეგ გვეკეთება პირბადეები დარბაზში. იმედი მაქვს, თქვენი თანამშრომლური დამოკიდებულებისა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: მიხარია, რომ დღეს როგორც იქნა ჩამოყალიბდა ოპოზიცია – დიალოგს და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია
შემდეგი სტატიასაჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია – მიხეილ სააკაშვილი