ია ანთაძე: 2019 წლის ბოლოს საზოგადოებრივის რეიტინგი მინიმუმ 15% უნდა იყოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი არასამთავროებს ხვდება. ია ანთაძე შეხვედრაზე უახლოეს დღეებში დაგეგმილ პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, მომავალ ხუთშაბათს მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს შეხვდება და მათ პოზიციას გაეცნობა. ია ანთაძის თქმით, ახლა მაუწყებელი A წერტილში იმყოფება და საჭიროა B წერტილამდე მისვლა.

B წერტილი არის ის ხედვა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა უკვე წარმოადგინა, თუმცა ია ანთაძის განცხადებით, არასამთავროებთან, თანამშრომლებთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით საერთო ხედვა დაიდება და სწორედ ამ ხედვას უყრის კენჭს მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

“​მომავალ ხუთშაბათს გვაქვს შეხვედრა სამეურვეო საბჭოსთან, სადაც იქნება წარმოდგენილი სამუშაო ვერსია იმ კრიტერიუმების, რომლითაც შეიძლება კარგი ტელევიზია შეფასდეს. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დავინახოთ რა გვინდა 2019 წლის ბოლოს. ახლა გვაქვს A წერტილი და ამ წერტილიდან უნდა დავიძრათ და უკან ვეღარ დავბრუნდებით. უნდა მივიდეთ B წერტილში. ვასილ მაღლაფერიძის ხედვა არის ძალიან მკაფიო. ეს არის ხედვა, სადაც ტელევიზიის რეიტინგი არის 15% და ყველა პროდუქტის ხარისხი მოწმდება, მათ შორის მოწმდება ბორდის მიერაც. 15%-ის დედლაინი არის 2019 წლის ბოლო”, – განაცხადა ია ანთაძემ.

ია ანთაძის განცხადებით, მათ მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები – ხარისხი და რეიტინგი არის საწყისი ეტაპი და შესაძლოა კრიტერიუმები კიდევ გაიზარდოს, თუმცა ეს უკანასკნელი უნდა იყოს კონკრეტული ინდიკატორით გაზომვადი. კრიტერიუმების და საერთო ხედვის შემდეგ, მენეჯმენტი ახალ პროცესზე, გადაცემების ფილტრში გატარების ეტაპზე გადავა.

​​”მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ზუსტი ინფორმაციის გაჟღერებას, თუ რა არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, ანუ დავიწყებთ გადაცემების ფილტრში გატარებას. ამის შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენ ადამიანს და რამდენ გადაცემას შეეხება ცვლილებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული კვირები”, – განაცხადა ია ანთაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოჯახში ძალადობა რთული პრობლემაა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პარლამენტარების მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა