„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები.

„სპეცრაზმმა თბილისში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები. პოლიციისგან ეს წესები მოითხოვს, გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციას მოჰყავს ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი გოგიას განცხადება.

„სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ლეგიტიმურ ზომებს, რათა არ დაუშვან ხალხის მიერ პარლამენტის შტურმი, თუმცა ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ძალის გამოყენებისას, მათ შორის რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას. მათ ეს არ გაუკეთებიათ პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების საპასუხო ქმედებებში. თუ ეს მდგომარეობა განვითარდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დაიცვას ეს სტანდარტები“, – ამბობს გიორგი გოგია.

„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტებს შორის ზოგიერთი პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა, თუმცა დემონსტრანტები ძირითადად იყვნენ არამოძალადეები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს და ნახეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეცრაზმელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ხალხი მათ უსაფრთხო ადგილას მიაცილებდა.

„დაახლოებით შუაღამით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებს გარეშე, პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყო. ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს ხალხი, რომლებსაც რეზინის ტყვიებით დაზიანებები აქვთ მიყენებული თავის არეში, ფეხებსა და ზურგში. ღამის პირველ საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მიტინგი „გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“ და „ძალადობად იქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები განაგძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობებს“ და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სამართალდამცველები ვალდებულები არიან პატივი სცენ შეკრების თავისუფლებას, ისევე როგორც ძალის გამოყენებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, მათ შორის ლეგალური და არალეგალური დემონსტრაციების დაშლის დროსაც“, – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შესახებ გაერო-ს საბაზისო პრინციპების თანახმად, პოლიციამ ძალისა და იარაღის გამოყენებამდე უნდა მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს, როგორიცაა ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნა.

„ძალის გამოყენების დროს სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავებულობა, იმოქმედონ არსებული საფრთხის პროპორციულად და ეცადონ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და ზიანი“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში აქცია გაიმართა-“ჩვენ არ ვიყიდებით”
შემდეგი სტატია“მოქალაქეები აქციის დაკავებულ მონაწილეებს ეძებენ”- რას ამბობენ შსს-ში