გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის მამუკა ანთიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი საზღვრის გადაკვეთისას აღრიცხვაზე იყო

გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, მამუკა ანთიძის მამის განცხადებით, იმ დროს როდესაც მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, უშიშროების სამსახურის მიერ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.
როგორც თამაზ ანთიძე აცხადებს, მამუკა ანთიძე სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ვიდეოს კიდევ ერთ მონაწილე ხვიჩა გობაძესთან და სხვებთან კავშირის გამო იმყოფებოდა. თამაზ ანთიძის თქმით, საზღვრის გადაკვეთაში ის თავად დაეხმარა, თუმცა იცოდა, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა და არა სირიაში საბრძოლველად.
“ჩემი დისშვილი მირიან ბერიძე მიდიოდა ჩემს შვილთან ბინაში. ერთი კვირა ერთად იყვნენ. ხვიჩა გობაძესთან მან მიიყვანა. სპეცსამსახურებმა მითხრეს, რომ იქ დადისო. მაჩვენეს ფოტოები, სადაც ჩემ დიშვილთან ერთად და ამავე სოფელში მცხოვრებ ჯამბულ აბდულაევთან არის გადაღებული. ნათესავებთან ერთად სიარულს ვერ დავუშლიდი და ვერც დავუშალე. არ ვიცოდი, რომ ასეთი კატასტროფა მოხდებოდა. მიიყვანა ხვიჩა გობაძესთან, რომელიც მაგათი წარმომადგენელი ყოფილა ოფიციალური. უშიშროებამ მითხრა ემირიაო, თუმცა ეს რა სტატუსია არ ვიცი. მე ვერაფერი გავაკეთე. ვეუბნებოდით, რომ არასწორი იყო, თუმცა გვამშვიდებდა, რომ არსად მიდიოდა. 25 აგვისტოს დატოვა საქართველო. საზღვარზე მე თვითონ გადავყევი, რადგან არ უშვებდნენ, აღრიცხვაზე იყო აყვანილი. მე გადავყევი, ვიცოდი სამუშაოდ მიდიოდა. რამდენჯერმე იყო წასული. ბოლოს კი როდესაც საზღვარი გადავკვეთეთ, დამეკარგა. ვურეკავდი არ მპასუხობდა. მეორე დღეს მომწერა, რომ წავიდა”, – განაცხადა თამაზ ანთიძემ “პალიტრასთან” საუბარში.
თამაზ ანთიძე შვილის სირიაში წასვლაში თავის დისშვილს, მირიან ბერიძეს, სოფელ ზოტის იმამს ჯემალ ართმელაძეს და ხვიჩა გობაძეს ადანაშაულებს.
“ჩემი შვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. დაამუშავეს, გამოთიშეს ამ სამყაროდან და რა ვიცი იქ რას აკეთებინებენ. კი ბატონო, ზრდასრული იყო, თავისი ნებით შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ თავის ნებას აღარ ემორჩილებოდა”, – აღნიშნა თამაზ ანთიძემ.
23 წლის მამუკა ანთიძე ბათუმში ონკოლოგიურ საავადმყოფოში აიტი სპეციალისტად მუშაობდა. კომპიუტერული ტექნოლოგიები მან ბათუმის უნივერსიტეტში დაამთავრა, სკოლა კი გურიის სოფელ ნასაკირალში. მამუკა ანთიძე 2 წლის წინ დაოჯახდა. მამუკა ანთიძე გავრცელებულ ვიდეოში მარჯვნივ კუთხეში ზის. მამუკა ანთიძის ოჯახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – დიახ ჩვენ ჩამოვაგდეთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი
შემდეგი სტატიაიუვალ ფუქსი: ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მუშაობაა საჭირო