“გულდაწყვეტილმა მოვუსმინე ჩემს ყოფილ მასწავლებელს მიტროპოლიტ იოანეს,რომელსაც ჰგონია,რომ რუსებმა ტაძრები აღგვიდგინეს”

” გულდაწყვეტილმა მოვუსმინე ჩემს ყოფილ მასწავლებელს, ქუთათელ-გენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი), რომელსაც ჰგონია, რომ რუსებმა ტაძრები აღგვიდგინეს და სიკეთე გაგვიკეთეს, “ორი-სამი ტაძარი კი შეათეთრეს, სამაგიეროდ უმრავი ააშენეს და აღადგინესო” და აღა მაჰმად ხანისგან განადგურებული სიონი და დედაქალაქი თბილისი “აღგვიდგინეს და აგვიშენესო”.-ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.

დეკანოზი ფაოსბუქ გვერდზე ვერცელ პოსტს აქვეყნებს.

” ჯერ ერთი, აღა მაჰმად ხანის თავდასხმა და შემზარვი შედეგები მთლიანად რუსეთის კისერზეა, რადგან მეფე ერეკლემ დადო რა გეორგიევსკის სამოკავშირეო ტრაქტატი, აღა-მაჰმადი სწორედ ამ ტრაქტატის გაუქმებას და რუსეთთან კავშირის გაწყვეტას მოითხოვდა მეფე ერეკლესგან და სანაცვლოდ კეთილ ურთიერთობებს ჰპირდებოდა. მან დაგვსაჯა პრორუსული ორიენტაციისთვის.

მეორეც: რუსეთმა არ შეასრულა თავისი ნაკისრი ვალდებულება დაეცვა ქართული სამეფო მუსლიმთა შემოსევებისას სამხედრო ოპერაციით. რუსეთის გამო აოხრდა თბილისი და წელში გადატყდა ქართლ-კახეთის სამეფოს ძლიერება, რამაც გაუიოლა რუსეთს 1801 წელს აღმ. საქართველოს დაპყრობა, და ბაგრატიონთა ტახტის დამხობა. და მერე დაპყრობილ თბილისში თუ ქუჩები მოიწყვეს და სიონი შეაკეთეს, მადლობა უნდა ვუთხრათ? სიონში მათი ეგზარქოსი იჯდა და არა უწინდებურად ქართველი თბილელი მიტროპოლიტი, მათ თავის თავს გაურემონტეს დაპყრობილი სიონის კათედრალი და არა ქართველ ერს.

მეუფე იოანე ახსენებს ქვათახევის თითქოსდა რუსებისგან განახლებას, სინამდვილეში ქვათახევი არქ. ტარასი ალექსი-მესხიშვილის გარჯით და თავად თარხან-მოურავის სახსრებით იქნა აღდგენილი, ხოლო ბეთანია ორბელიანებმა და სხვა ქართველებმა აღადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ეგზარქოსის ეპარქიაში შემავალი უმთავრესი და უძველესი მონასტრები ზედაზენი და შიომღვიმე მთელი მე-19 საუკუნე გავერანებული იყო და მხოლოდ მე-19 საუკუნის დასასრულს ეპ. ალექსანდრე ოქროპირიძემ საკუთარი დანაზოგით აღადგინა და გაარემონტა. ეგზარქოსთა დროს გავერანებული, გაპარტახებული და უმოქმედო იყო ატენის, ბოლნისის და დმანისის სიონები, და ბევრი სხვა ისეთი ეკლესია-მონასტერი, რომლებიც მეფე ერეკლეს ჟამს ჯერ კიდევ მოქმედნი იყვნენ. აი ასე ზრუნვდა რუსეთის იმპერია ქართულ ეკლესია-მონასტრებზე… რუსული ფულით აღდგა აფხაზეთის ზოგი ტაძარი (ბიჭვინთა, დრანდა, ახ. ათონი, კომანი), საფარის, ბოდბის მონასტრები, მაგრამ იმისთვის, რომ რუსი ბერ-მონაზვნები შესახლებულიყვნენ და გადაერუსებინათ იქაურობა.

რუსებმა ბერებმა კოჯრის კაბენის თამარისეული დაზიანებული დიდებული ტაძარი (სამთავისი-ფიტარეთის მსგავსი) რემონტის ნაცვლად, სრულიად დაანგრიეს და მოსპეს, და ზედ რუსული ტაძარი წამოჭიმეს (შემდგომ საბჭოთა დროს ისიც დანგრეულ იქნა). აბა ნახეთ, მე-19 და მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოები (სანამ მე-20 საუკუნეში რესტავრაციები ჩაუტარდებოდათ), რა დღეში იყო -ალავერდი, ბოდბე, გრემი, ახ. შუამთა, დრანდა, საფარა, ანჩისხატი, ლურჯი მონასტერი … დღევანდელ გარუსებულ-დამახინჯებულ ილორს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.

რუსებმა და რუსულმა სახელმწიფომ რაც ქართული ეკლესია ძარცვეს და წაართვეს ყმა-მამული და განძეული, მილიონობით რუსული ოქროს მანეთის ღირებულების იყო, დღევანდელი კურსით ეს რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. ეს ყველაფერი ნიკოლოზ დურნოვოს ცნობილ წიგნში კარგადაა გამოცემული და მიკვირს, თუ ეს მეუფეს არ აქვს წაკითხული და გააზრებული. მარტივ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ: თუ რუსებმა დახარჯეს ერთი მილიონი საქართვლოს ეკლესიისთვის, სანაცვლოდ ამოიღეს და წაჰგლიჯეს საქართველოს ეკლესიას 100 მილიონი. ამდენად, სამადლობელი არაფერია. პირიქით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საეგზარქოსოს ძალიან მცირე თანხებს ახარჯებდა რუსული იმპერია და ყმა-მამულისგან და სხვა უძრავ-მოძრავი ქონებისგან (ქარვასლები, წისქვილები, სამღებროები, სამჭედლოები, …) გაძარცული ქართული ეკლესია და მისი კლიროსი ბევრად ღატაკი იყო, ვიდრე რუსეთის ეკლესია და სამღვდელოება, რომელსაც უკეთესად აფინანსებდა საიმპერიო ხელისუფლება.

ის ტაძრები, რაც შენდებოდა საქართველოში რუსული იმპერიის დროს (დიდუბე, ქაშვეთი, ფოთის სობორო, მამადავითი და სხვა ბევრი) ძირითადად კერძო შემოწირულობებით აშენდა და არა სახელმწიფო ხაზინის ფულით. სახელმწიფო ხაზინით აშენდა რუსული სამხედრო ტაძრები, მათ შორის უდიდესი: თბილისის ნეველის სახ. რუსული სამხედრო ტაძარი – კავკასიის დაპყრობის სიმბოლო და ბათუმის ნეველის სობორო, ასევე ახალი ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტერი, რომლებიც რუსული იმპერიული იდეოლოგიის დიდი კერები იყვნენ და ყოველივე ქართულს მტრობდნენ.

ასე რომ რუსული იმპერიის მატერიალური დანახარჯი ქართული ეკლესიის წინაშე მინიმალურია და დანახარჯადაც არ ჩაითვლება სეკულარიზებული (ანუ სახელმწიფოსთვის გადაცემული) საეკლესიო ქონების საფასურის პირობებში. ხოლო როგორ კრძალავდა ქართულ საეკლესიო არქიტექტურას და რა ბრძოლა დასჭირდა კალისტრატე ცინცაძეს და გენ. ივ. ამილახვარს ქაშვეთის ქართულ სტილში ასაშენებლად, ასევე სხვა ანტიქართულ, რუსიფიკაციული ქმედებებს რუსეთის იმპერიის საერო და საეკლესიო მსახურთა მიერ ჩადენილს, დეტალურად შეუძლია გაეცნოს მეუფე იოანე პატრ. კალისტრატე ცინცაძის მონუმენტურ მოგონებებში ეგზარქოსთა პერიოდის შესახებ.

ბოლოს კი დასკვნის სახით რიტორიკული შეკითხვა: რუსეთის სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ პატივაყრილი და მოკლულ-გადასახლებულ-წამებული დოსითეოს ქუთათელი მიტროპოლიტის და ექვთიმე გენათელი მიტროპოლიტის კათედრაზე მჯომი მიტროპოლიტი იოანე ნუთუ არ გრძნობს სინდისის ქენჯნას რუსული ინტერესების ღიად და არაერთგზის ლობირების გამო??? რა პასუხს აძლევს რუსული ხიშტებით დაჩეხილ თავის წინამორბედ წმინდა მიტროპოლიტებს??? რატომ უნდა გადაწონოს მასში რუსულმა აღზრდამ და რუსულმა სკოლამ სიმართლე და ობიექტურობა???

სიყვარულით და უდიდესი გულისტკივილით,

დეკანოზი ილია ჭიღლაძე”-წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშინაცემი ექიმის თქმით, მას ფიზიკურად პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ