გთავაზობთ ფორმატს: საქართველო-ნატო-რუსეთი – ადა მარშანია

აყოლილები ვართ, სააკაშვილი-ბოკერიას მოღალატეობრივი მოწოდებებს, არ ველაპარაკოთ სოხუმს, ცხინვალს, მოსკოვს, ანუ სრული იზოლაცია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საკანონდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას გამოეხმაურა.

ადა მარშანიამ წაიკითხა ამონარიდი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის სიტყვიდან – “დღეს როგორც არასდროს აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება,” დეპუტატმა პრეზიდენტს ამ ფრაზისთვის მადლობა გადაუხადა.

ადა მარშანიას თქმით, სოხუმთან და ცხინვალთან შერიგების პოლიტიკა უნდა გატარდეს.

„დღეს აფხაზეთში, დაახლოებით, 60 ათასი ქართველი, 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს, უკვე 80 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა სომხურ აფხაზური და არა აფხაზურ-ქართული ქორწინებები. სოხუმი და ცხინვალი ყოველწლიურად დღესასწაულობს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვებას. ჩვენი უმოქმედობა სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. აფხაზები არ საუბრობენ არავითარ ერთობაზე, არც ჩვენ არაფერს ვთავაზობთ მათ. უკვე ბავშვსაც კი ესმის, რომ უკვე არც სოხუმთან და არც ცხინვალთან არანაირ ავტონომიურ სტატუსზე საუბარი არ და ვერ შედგება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სხვა მოდელი, სხვა მიდგომები ამ ურთულესი პრობლემის დასაძრავად. მაგრამ ჩვენ ამაზე არც ვმსჯელობთ და არც ვფიქრობთ. გაგიგონიათ მსოფლიოში პარლამეტი იმ ქვეყნისა, რომელსაც ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს, და არცერთ პლენარულ სხდომას არ მიუძღვის ამ საკითხზე სადებატოდ. მე არ მესმის ასეთი პარლამენტი. არ მივიღებ ასეთ პარლამენტს.

აყოლილები ვართ, სააკაშვილი-ბოკერიას მოღალატეობრივი მოწოდებებს, არ ველაპარაკოთ სოხუმს, ცხინვალს, მოსკოვს, ანუ სრული იზოლაცია, უარი ვთქვათ სოხუმსა და ცხინვალზე. ამას გვთავაზობენ არა მარტო სააკაშვილი, ბოკერიები, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლება. დერეფნებსა და კულისებს მიღმა საუბრობენ, რომ უნდა გავუშვათ სოხუმი და ცხინვალი, თურმე ეს ბედნიერებას მოგვიტანს, ნატოში შევალთ. არადა ომის პირას ვდგავართ. ხელისუფლებამ იცის, რადგან რუსეთს მიაჩნია, ნატოს სურს საქართველოს ტერიტორია თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამ საკითხში წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ, რათა კიდევ ახალი ტერიტორია არ დავკარგოთ და ახალი ომი თავიდან ავიცილოთ. გთავაზობთ ფორმატს – საქართველო-ნატო-რუსეთი. უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი სოხუმთან და ცხინვალთან,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: მერაბ კოსტავზე ხელს ვერ აღმართავდი
შემდეგი სტატიაჩვენს ჯარისკაცებს არასოდეს ვეტყვით, რომ ჩვენ როდესმე შეიძლება შევიცვალოთ ჩვენი კურსი – თალაკვაძე მარშანიას პასუხობს