საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, დაუშვებელია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევასაც ითხოვენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები.
“ვეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს.
დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ ის სახელმწიფოები და ინსტიტუტები, ვისაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს უკავშირებს. მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება.
შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა.
ჩვენი მიზანია, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდეს. დღესაც და მომავალშიც, ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.