გოგი ქავთარაძემ სოხუმის თეატრში მთელი ეპოქა შექმნა – ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 11:51

გოგი ქავთარაძემ სოხუმის თეატრში მთელი ეპოქა შექმნა – ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველომ, თეატრალურმა საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. იგი იყო ღირსეული მოქალაქე, პატრიოტი, უნიჭიერესი მსახიობი, აფხაზეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი. საინტერესოდ გავლილი ცხოვრების გზაზე გოგი ქავთარაძეს უამრავი საპატიო წოდება მიენიჭა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016).

გოგი ქავთარაძეს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრს, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1982-1992 წლებში გოგი ქავთარაძე იყო სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ამ ტკივილიან დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული გულისტკივილით იგონებენ იმ პერიოდს და ხაზგასმულად აღნიშნავენ, რომ გოგი ქავთარაძემ სოხუმის თეატრში ეპოქა შექმნა. ის მუდმივად ქომაგად ედგა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრს დევნილობის მთელი ეს წლები, იმედით აღსავსე, რომ თეატრი, ბოლოს და ბოლოს, მშობლიურ აფხაზეთში თავის ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროა, რომ აფხაზეთზე ფიქრით გულდამძიმებული განეშორა ამ წუთისოფელს.
რაც შეეხება გოგი ქავთარაძის მიერ შექმნილ როლებს, თითოეული მათგანი იმდენად შთამბეჭდავი, ემოციურად დატვირთული და ინდივიდუალურია, რომ მათ წლები ვერაფერს დააკლებს. თეატრსა და კინოში მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები, სამარადჟამოდ დაიმკვიდრებენ საკუთარ ადგილს სცენის ქართველი გიგანტების სახეების გვერდით.
მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 11:51

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics