გოჩა მირცხულავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,

იმედია, გაკვირვებული არ დარჩებით, თუ რატომ გახდით ჩემი მიმართვის ადრესატი თქვენ და არა სხვა – ხელისუფლების რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი. დიდად დაიმედებული არ გახლავართ, რომ ქვემოთ მოყვანილი ჩემი არგუმენტები და გულწრფელობა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ იმის ფაქტად გამოდგება, რომ “აქ, ამ ქვეყანაში” ყველა ერთნაირად არ აზროვნებს და ყველა კონფორმისტი არ არის.

ბატონო ბიძინა,
თქვენთვის მომართვის უფლება იმიტომაც მივეცი საკუთარ თავს, რომ ჩემზე არ მოქმედებს კლიშეები, ხელისუფლებისა და თუ ხელისუფალთა ავტორიტეტი, ადვილად შემიძლია კარგს კარგი ვუწოდო და ცუდს – ცუდი. არც შეცდომის აღიარება მიჭირს და კერპებიც არ მყავს. მიუხედავად იმის, რომ უამრავ რამეში არ გეთანხმებით, თქვენც კი არაერთხელ გამოგსარჩლებივართ, როდესაც მიმაჩნდა კონკრეტული გადაწყვეტილება იყო სწორი და სასარგებლო ჩემი ქვეყნისთვის, მოცემული ვითარებისთვის. არც კრიტიკა დამიკლია, სარგებლის მიღების მოლოდინით. ჩემი შინაგანი თავისუფლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება (მაქვს ამის პრეტენზია) მაიძულებს, სათქმელი ღიად ვთქვა და ხელის ჩაქნევით არ დავკმაყოფილდე – „მაინც არაფერი შეიცვლება“. ამჯერად, არ ვაპირებ პოლემიკაში შემოვიდე ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე თუ ასეთი რამ საერთოდ გააჩნია ხელისუფლებას. ჩავთვალოთ, რაც გვაქვს თუ არ გვაქვს, ეს გუნდის – “ოცნების” პოლიტიკური დოქტრინის ნაწილია. ასევე, არ ვდავობ საკადრო, საგარეოსა და საშინაო პოლიტიკაზე. არც იმას ვასწავლი ვინმეს, რომ სახელმწიფოს მართვას ხშირად არაორდინალური გადაწყვეტილებები სჭირდება და აქ უმთავრესი დრო, ვითარება და ფორმაა. არც იმაზე დავიწებ დისკუსიას, რომ მართვაში შესაძლოა, შეცდომები – ვინც არაფერს აკეთებს, ის უფრო მეტს მავნებლობს ხოლმე, ვიდრე ის, ვინც შეცდომებს უშვებს საქმის კეთებისას. მივიჩნიოთ, რომ მუდმივად გაჭიანურებული პროცესი და გაუბედავად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებიც მართვის ახლებული – “ოცნებისებური” სტილია და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, გაგიკვირდებათ და იკითხავთ: მაშინ რა არის სათქმელი? გიპასუხებთ – საპრეზიდენტო არჩევნები!

შევეცდები ავხსნა. მოდით, დაგეთანხმებით, რომ თქვენი გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, არის გულწრფელი. გავყვეთ ამ თქვენს გულწრფელ გადაწყვეტილებას – თუ “ქართული ოცნება” არ მონაწილეობს არჩევნებში და არ ასახელებს საკუთარ კანდიდატურას, მაშინ რას ნიშნავს გუნდის მიერ “დამოუკიდებელი კანდიდატის” მხარდაჭერა? რეალურად, პარტია აქტიურობს და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ თქვენ კანდიდატი არ გყავთ? თავი მოვიტყუოთ იმიტომ, რომ პარტიამ დემოკრატიის ახალი სტანდარტის დანერგვის იმიტაცია გადაწყვიტა?
რეალურად, ხომ ისე გამოდის, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც “ოცნება”, თქვენ, დაუჭერთ მხარს, სახელისუფლებო კანდიდატია?! გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთ კანდიდატს ძალაუნებურად უჩნდება მორალური თუ პოლიტიკური ანგარიშვალდებულება? მაგრველაშვილის მაგალითს თუ მოვიშველიებ – ხელით დაგვყავდა და განგვიდგას, რომ აძახებდა ამ წლების განმავლობაში ნებისმიერი თქვენი თანაგუნდელი, იმის მიუხედავად დაჰყავდა თუ არა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვენს ინტერვიუმდე ბევრად ადრე გვამცნო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებდა “ოცნების” კანდიდატი. სხვას კი არაფერს ნიშნავს ამომრჩევლის ნების შეურაცხყოფა – ჯოხიც რომ დავასახელოთ არჩევთ აუცილებლადო, ეს არა თუ ცუდი ტონია, არამედ ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტის უგულველებყოფაა. თქვენი ინტერვიუს შემდგომ, იმავე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გაგახსენებთ, რომელმაც არც თქვენ დაგინდოთ ლოგიკურ მსჯელობასა და დაშვებაში (“ეს პოსტი წაიღოს ოპოზიციამ”) და განუწყვეტლივ იმეორებს, რომ “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და სხვას – ოპოზიციას შანსი არ აქვს. ამ პოლიტიკური გზავნილების შემდეგ გჯერათ, რომ ვინმეს აქ, ან თუნდაც უცხოელ პარტნიორებს, დარჩებათ იმის შთაბეჭდილება, რომ ეს დემოკრატიული პროცესია იმ რაკურსით, როგორადაც თქვენ ჩაიფიქრეთ (მოგეხსენებათ, ზემოთ გავაკეთე დავშვება თქვენს გულწრფელობაზე)?
ამ ლოგიკით, “ოცნებას” შეეძლო საპრეზიდენტო კანდიდატად უპარტიო, პარტიულ და საჯარო საქმიანობასთან არააფილირებული პერსონა დაესახელებინა, განა რამე სხვა მოცემულობა გვექნებოდა? თუ პარტიის ცენტრალური შტაბი, ადგილობრივი ორგანიზაციები, სახელისუფლებო ვერტიკალი თქვენს მიერ შერჩეულ, მხარდასაჭრ კანდიდატზე მუშაობს, მხოლოდ ის არის საკმარისი, რომ ამ პერსონამ რეგისტრაცია დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში გაიარა? თუ პარტია საკუთარი სტრუქრურების ამოქმედებით არჩევნებში ხარჯავს მილიონებს – მხოლოდ ხელფასები ვიგულისხმოთ (კანდიდატისთვის უფასო სარეკლამო დროის გადაცემაზე, ბოლბორდების დაქირავებაზე და სხვა ხარჯებზე არაფერს ვამბობ), ფიქრობთ, რომ ან ჩვენ დავიჯერებთ, ან უცხოელი პარტნიორები დაიჯერებენ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერთ მხარს და ეს “დამოუკიდებელი” – “ქართული ოცნების” კანდიდატი არ არის?

ბატონო ბიძინა,
მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს წარმატებები, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრულფასოვან დემოკარტიად ვიწოდებოდეთ. ამ ფონზე, ყოველთვის უმჯობესია, რომ ეს ჩვენი მდგომაროება, არსებული კანონების, ჯანსაღი პოლიტიკური ნებისა და კონკურენციის პირობებში გავაკეთილშობილოთ. გულწრფელად გეუბნებით, ის რასაც ახლა “ოცნება” აკეთებს – კანდიდატი არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს(!), ქართული დემოკრატიის ძალად გაჯანსაღების და რეალურად, დამახინჯების მცდელობაა. რამდენიც უნდა გარწმუნონ გუნდის წევრებმა თუ გარემოცვამ – ეს ფილიგრანული გადაწყვეტილებააო, მერწმუნეთ, ეს ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის საზიანო გადაწყვეტილება გახლავთ და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს წარმოადგენს პირადად თქვენს ინტერესს.

აქვე ერთი უმნიშვნელოვანესი პასაჟი: იმ პირობებში, როდესაც ნებისმიერი არა თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, არამედ, საჯარო მოხელე თუ რიგითი მოქალაქე ვალდებულია, საკუთარი ქვეყნის მომავალს, მის ავტორიტეტს ყოველწამიერად შეჰმატოს ახალი სიტყვა, საქმე, იდეა, პრეზიდენტის ინსტიტუტის ასე დაკნინება, როგორადაც ამას ცდილობენ თქვენი თანაგუნდელები, სახელმწიფოს მეთაურის უფლებების ნიველირების წარმოჩინით, არის უკიდურესად ცუდი ქართული სახელმწიფოსთვის! თქვენ, ან “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, მოისურვებდით რაიმე სახის კომუნიკაციას უცხო ქვეყნის ისეთ პრეზიდენტთან, რომელსაც ვალდებულებებისა და უფლებების კონტექტში საკუთარი ხელისუფლების წევრები და მათი გავლენით რიგითი მოქალაქეები (პარტიული აქტივისტები) დასცინიან? რატომ ავიწყდებათ თქვენს თანაგუნდელებს, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და ეტყობა არად დაგიდევენ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლსაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი? როდესაც აცხადებენ, რომ ეს არის პენსიონერის თანამდებობა, რატომ არ ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს აქვს უდიდესი გამოწვევები, გახვეული ვართ ჰიბრუდულ ომში (ამ ბატონებმა იხილონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში)? როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულიც კი არის, არა თუ მოჩვენებითად, არამედ რეალურად გააძლიეროს ერთმანეთი და აამაღლოს ნებისმიერი პერსონისა თუ საკვანძო პოსტის – თანამდებობის ავტორიტეტი, პირიქით, ხდება დაკნინება და ქილიკი. მერწმუნეთ, ეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მმართველი პარტიის ავტორიტეტს. რეალურად, “ოცნების” ავტორიტეზე ზრუნვა არც უნდა იყოს ამ გუნდის გარეთ მყოფი პერსონების საზრუნავი, მაგრამ დღეს ეს პარტია მართავს ქვეყანას, ეს პარტია წარმოადგენს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების სპიკერები აკეთებენ ამ ცუდ და მავნებლურ განცხადებებს. წარმოგიდგენიათ, იმავე დალია გრიბაუსკაიტეს საპრეზიდენტო უფლებებზე აპელირებისას, რომელიმე პერსონა იმთავითვე და ანალოგიური “წარმატებით” აკნინებდეს პრეზიდენტის პოსტს და რიგითი დეპუტატი თუ პარტიული ლიდერი თავში უტყაპუნებდეს მთავარსარდალს? რა ავტორიტეტი ექნებოდა მას ევროპელ ლიდერებს შორის, იქნებოდა კი მისი სიტყვა და პოზიცია ანგარიშგასაწევი? ან ვის რაში დაჭირდებოდა მისი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ცალკეულ საკითხებზე, რომელსაც ასე აშუქებს ხოლმე ჩვენს შემთხვევაში ქართული მედიაც და აპელირებენ ქართული პოლიტიკური სტებლიშმენტის წევრები? უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური პერსონისა თუ თანამდებობის დაკნინება დემოკრატიის ახალი სტანდარტი და პროცესების განვითარების ხელშეწყობაა? ან ასე დაკნინებულმა პრეზიდენტმა კრიზისის დროს როგორ უნდა შეასრულოს ანგარიშგასაწევი არბიტრის როლი ან მთავარსარდლის ვალდებულებები? მოდით არ განვავრცობ და ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს გერმანიის, იტალიის თუ სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტების უფლებებსა და ვალდებულებებზე საუბრით და მათი სიმბოლური თუ პოლიტიკური წონის გააზრებებაზე მსჯელობით. პრეზიდენტად მყოფი პერსონების პოლიტიკური და პიროვნული მაღალი ავტორიტეტის შესახებ საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

მოდით, აქვე ერთ მეტად მნიშვნელოვან – ქართული პოლიტიკური ცხოვრების ბოლო 30 წლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ: საქართველოში პატრიოტი და ჭკვიანი მხოლოდ ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი შეიძლება იყოს, სხვა ყველა მტერი – უკეთეს შემთხვევაში კი, გონებაარეული დემაგოგია. ქართული სახელმწიფო, ქართული ხელისუფლება მტრის გარეშე ვერ ცხოვრობს და რა თქმა უნდა, სადაც მტერია, იქ არიან პატრიოტებიც. საქართველოში კი პატრიოტი ყოველთვის ხელისუფლებაა. კარგია ეს? – არა! ეს სირცხვილია. ვისი? – პირველ რიგში, ხელისუფლების და შემდეგ – საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც კონფორმიზმის გამო მუდმივად ყველა ხელისუფლების მომხრეა.

იმ გააზრებით, ამ სულისკვეთებით, რომ “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა” გთავაზობთ გამოსავალს: ან “ქართულმა ოცნებამ” დააყენოს საკუთარი კანდიდატურა, და ეს იქნება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დემონსტრირება, ან არჩევნების პირველ ეტაპზე მის მომხრეებს მისცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ყოველგავრი სასურველი “დამოუკიდებელი კანდიდატის” დასახელების, მინიშნებებისა და მის სასარგებლოდ მოქმედების გარეშე. თუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ არჩევნების მეორე ტურის აუცილებლობა დადგა, პარტიას ნამდვილად ექნება მორალური უფლება, პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატოს რომელიმე კანდიდატისადმი, მაგრამ მის გასამარჯვებლად არ უნდა გამოიყენოს მატერიალური თუ ადმინისტრაციული რესურსი. სწორედ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო გაჯანსაღება და გაკეთილშობილება, ეს იქნება უტყუარი და სწორი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ეს იქნება ნამდვილად ფუნდამენტალური წვლილი შეტანილი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური პროგრესისკენ. სხვა ყველა გადაწყვეტილება იქნება კვაზი დემოკრატიული პროცესის დემონსტრირება და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს. უფრო მეტად დააბნევს ჩვენს პარტნიორებს, არა მხოლოდ დასავლეთში.

და ბოლოს, ბატონო ბიძინა,

პოლიტიკა არ არის “ხიტრობა”, როგორც ეს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკანს მიაჩნია. პოლიტიკა, სხვა უმარავ რამესთან ერთად, პრაგმატიზმია. პოლიტიკაში გულწრფელობას ხშირად სისუსტედ თვლიან, თუმცა დროთა განვალობაში ამ გულწრფელობას მეტად აფასებენ ხოლმე თვით ოპონენტებიც. ამიტომ, თუ გადაწყვეტილება, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავდეს თავისი კანდიდატი გულწრფელია, ამას არ სჭირდება 8 სექტემბრის ლოდინი და შემდეგ დამოუკიდებელი კანიდატის პრივატიზება. ეს “ხიტრობა” იქნება. ამიტომ ამას გულწრფელი გაგრძელება სჭირდება პროცესის, რაც აუცილებელია ქართული დემოკრატიისთვის. ვიმეორებ: 8 სექტემბრამდე “ოცნებას” აქვს ვადა მოახდინოს საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია და ან დაასახელოს კანიდატი, ან განერიდოს პროცესს. სხვა შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ფარსი ჩემთვის და საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (მერწმუნეთ, ზერელედ და სიტყვის მასალად არ ვამბობ ამას), რომელთაც აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და სახელწიფოს წინაშე – მიუღებელია! მე და ჩემს ბევრ თანამოქალაქეს გვაქვს უფლება არ გავხდეთ ამ ფარსის მონაწილენი.

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიმადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რადგან გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში
შემდეგი სტატია“ასე არ არის, რომ მამიკინსმა თქვა და ჩვენ დავტრიალდით და გავაკეთეთ სტრუქტურული ცვლილებები” – გიორგი ვოლსკი