გივი თარგამაძე: ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას მისი დისშვილი ხელმძღვანელობს

ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას მისი დისშვილი, კახა კობიაშვილი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი მმართველობა ქვეყანას წინსვლას, ხოლო მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანდა.

თარგამაძის განმარტებით, მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, შემცირდა სამუშაო ადგილები, შემცირდა თითოეული ოჯახის შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკა და ბოლოს ლარის კურსმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

”ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების შესახებ, რომელთა არსი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ამუშავებას და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, ამ ყოველივეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ იხეირა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში წარმოვადგინეთ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის უკანონო ინტერესები, რომლებმაც შეიწირა საყდრისის ისტორიული ძეგლი, გააკოტრა ბათუმის პორტი. გავიხსენოთ ასევე ”პანორამა თბილისი” პროექტი, ბატონი ივანიშვილის მიერ თავისი ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის უფასოდ გადაცემული სახელმწიფო ქონება და გაცემული იაფი სესხები, ასევე საკუთარი თავისთვის შექმნილი გლდანის ეკონომიკური ზონა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საშუალებას აძლევს შეუქმნას სასათბურე პირობები საკუთარ ბიზნესს.

4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ფირმებმა სახელმწიფოსგან ერთ პირთან მოლაპარაკებისა თუ ტენდერების გზით მიიღო 10 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ”ქართუ” ბანკის შემოსავალი გაიზარდა 17-ჯერ.

რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის გვარმა გაიჟღერა ”პანამა ფეიფარის” სკანდალში, სადაც დასახელებული იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია, რომლის დახმარებითაც ბატონი ბიძინა გადასახადებს უმალავდა საფრანგეთის მთავრობას. ორი დღის წინ აშშ კონგრესმენმა სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დააკავშირა იარაღის ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასა და უკანანო მაქინაციებთან და მოუწოდა აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას, როგორც ვხედავთ ფირმების უმეტესი ნაწილი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში და შესაბამისად არ იხდიან გადასახადებს საქართველოში. მეორე მხრივ, სწორედ ეს კომპანიები არიან საქართველოში რეგისტრირებული ფირმების დამფუძნებლები და შესაბამისად, ფირმებიდან მიღებული დივიდენტები ისევ ოფშერულ ზონებში მიედინება. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი – დის შვილი კახა კობიაშვილი (მამა – გივი კობიაშვილია, დედა -მერი ივანიშვილი) უწევს კოორდინაციას. ბატონი კახა არ წარმოადგენს საჯარო პირს და შესაბამისად მისი დეკლარაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ პიროვნებისა და ფირმების მეშვეობით ახდენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლოების და სახელმწიფო ქონებისა და სახსრების მითვისებას, ასევე ფულის გათეთრებას.

ამ ყოველივეს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ ყველანი ერთად წერტილს დავუსვავთ 2016 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ”ქართულ ოცნებას” ხელისუფლებას და დავბრუნებთ საქართველოს განვითარების გზაზე”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: IRI-ის კვლევები ჩვენს პარტიასთან მიმართებაში საინტერესო არ არის
შემდეგი სტატიასამტრედიაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა