გიორგი ვაშაძე : ძირითად ქალაქებში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ

admin
ავტ.: admin ივნისი 4, 2020 13:00

გიორგი ვაშაძე : ძირითად ქალაქებში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ

გაჭირვების დამარცხების გზად რაც ესახება ხალხს, არის ოპოზიციის ერთიანობა და კონსოლიდებული ქმედება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ყოველთვის აღწევდა საკუთარ შედეგს სწორედ ოპოზიციის დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით, განსაკუთრებით თბილისში, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან, დავსხდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია, ყველანი ერთად და მივიღოთ საერთო, ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია მაჟორიტარების საკითხზე თანამშრომლობა და ამისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოძებნონ საერთო ძალები და კომპრომისები.

„როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად, ისე უნდა იყოს კანდიდატებიც, ისე უნდა იყოს თანამშრომლობითი პროცესი. მთავარი უნდა გვესმოდეს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩვენ უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა კი არის ერთიანობაში, თანამშრომლობაში და კოალიციაში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, დავსხდეთ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ზედმეტი წინასწარი საუბრების გარეშე და გავიაროთ ეს საკითხი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაზეც კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ვაჩვენოთ საზოგადებას და კიდევ ერთხელ ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდივართ თანამშრომლობის, ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს, რომ მტერს აქვს დიდი ფინანსური რესურსებიც, საქართველოში არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა და ამის გადატეხვის ერთადერთი გზა არის ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით.

„ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ, როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი, სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის. ამ განცხადებასაც ვაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეული დისონანსი არის საზოგადოებაში. პირველი დაკვეთა, რაც არის, გაჭირვების დამარცხების გზად რაც ესახება ხალხს, არის ოპოზიციის ერთიანობა და კონსოლიდებული ქმედება. 8 მარტის შეთანხმებას სწორედ ჩვენი ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციით მივაღწიეთ და არა დაქსაქსულობით და ცალცალკე ბრძოლით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია.

„ჩვენ ამას ვსწავლობთ, არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები, არის მაღალმთიანი რეგიონები. ზოგიერთგან პირიქით, შეიძლება, უკეთესი იყოს, რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ ძირითად ქალაქებში, ვფიქრობ, შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს არის შემდგომი ნაბიჯი, შემდგომ ეტაპი. ახლა პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბება“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.

admin
ავტ.: admin ივნისი 4, 2020 13:00

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics