გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 13:33

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, განცხადების გავრცელება უკავშირდება სხვადასხვა პირის მიერ დასკვნის გარკვეული დეტალების არაერთგვაროვნად ინტერპრეტირებას.

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძრულნი ვართ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სამწუხაროდ, არაფერი საერთო აქვს სიმართლესთან. მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც წესი, არ აკეთებს კონკრეტულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დამნიშნავის (გამოძიების, პროცესის სხვა მონაწილის, მოქალაქეების) ინტერესების დაცვის მიზნით. საექსპერტო დასკვნა მისი დამკვეთის, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიური განკარგვის საგანია და მისი გადაცემა (შინაარსის განდობა) მესამე პირებზე ბიუროს მიერ არ ხდება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, იგულისხმება, სასამართლოს შესაბამისი განჩინება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდა საზოგადოებისთვის. ვინაიდან, ამ დასკვნის გარკვეული დეტალები, სხვადასხვა პირების მიერ, არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო განმარტავს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო- სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

„გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული“. (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო – სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.) ციტატა: „გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ… გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას …“. (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო – სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011).

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, დეტალურად არ შევეხებით, რადგან აღნიშნული მოიცავს დიდი ოდენობით სპეციფიურ განმარტებებს და მნიშვნელოვნად სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს. თუმცა, ასევე, ძალიან მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას. ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაცის ექსპერტები, რომელთა კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ათეული წლებია აღიარებულია შესაბამის პროფესიულ წრეებში, მათ შორის, საზღვარგარეთ. დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 13:33