გიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა ვეტოს დადების შესახებ განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

„რა თქმა უნდა, მივესალმებოდი, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტებისკენ, მაგრამ ეს არ არის აღწერილი კანონში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედია პლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე, სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იგი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამო ადებს. პრეზიდენტის თქმით, კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი მედიის სარეკლამო ბაზრის შესახებ საკითხი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გამო პრივილეგია აქვს, რაც ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიებს აზარალებს. პრეზიდენტმა მეორე პრობლემურ თემად შესყიდვების საკითხი დაასახელა და განმარტა, რომ ეს კანონი დასახვეწია და ევროპულ რეგულაციებთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ეთერში კომერციული რეკლამები განათავსოს.

banner
წინა სტატიაშიშსს გიორგი კლდიაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე – მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა გემოვნების მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივად