გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს: თქვენ იმყოფებით 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში

ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა საქართველოში უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება.

„საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის! მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვიზეიმებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირები ჩამოყალიბდა. სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ. ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა საქართველოს ევროპული მისწრაფება.

„საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს. ამიტომაც არის ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო. საერთო იდეალების დასაცავად ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის არამხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა.

„ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამ მდიდარ კულტურასა და ზოდაგსაკაცობრიო ფასეულობებზე დაყრდნობით 25 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ეროვნული დამოუკიდებლობა და დაიწყო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვავითარებთ კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი ამოცანაა გავაღრმავოთ სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის ურთიერთობების, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის განვითარებას. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: საქართველოს ჰიმნი მართლაც ამაყად გვეუბნება, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, რომის პაპის ვიზიტი იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”