რომის პაპი: საქართველოს ჰიმნი მართლაც ამაყად გვეუბნება, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა

მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ შესაძლებლობა მომცა, ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და სასიცოცხლო ურთიერთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც, მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული, ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკე პირველმა საქართველოში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

„როგორც წმიდა იოანე პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა, ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა. ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. მადლიერებით ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმიდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, სასურველი მოწვევისთვის, იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისათვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით“,-აღნიშნა რომის პაპმა.

როგორც რომის პაპმა განაცხადა, თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში;

„ამავე დროს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს, ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა გასხვავებულ სამყაროთა შორის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ხომ ამაყად გვეუბნება: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა”. სამშობლო მართლაც ხატია, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს. თავისუფალი, თუმცა არცთუ გადაულახავ კედლებად ცადაზიდული მთები კი ბრწყინვალებით აღავსებენ ხეობებსა და მინდორ-ველებს, ერთმანეთთან აკავშირებს მათ და, ამავე დროს, თავისებურად, ერთურთისგან განსხვავებულად წარმოგვიჩენენ თითოეულ მათგანს. ყველანი ერთად კი ერთ საერთო ცას უწყობენ ხმას, ზემოდან რომ დაჰყურებს და იფარავს მათ“,-აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშიდადიანის ქუჩაზე ბანკის ყაჩაღობის ფაქტი 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი რომის პაპს: თქვენ იმყოფებით 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში