გიორგი მარგველაშვილი : ჩემი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა

საქართველოს განათლების სისტემაში ჩემი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა 2012 წლის პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, ვინც ამ პროცესის შემოქმედი იყო.

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბუნებრივად, გადავწყვიტე ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და იმ ბოლო წლების, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით და ამ ხუთი წლის შეჯამებით შევეცდები წარვსდგე თქვენს წინაშე.

ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, ვინც შემოქმედი იყო ამ პროცესის, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, რადგან ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა წინ წაწია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მან 2013 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები რიგით მოქალაქეზე იყო ორიენტირებული.

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება რაც მაშინ იყო. რადგან მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, დავით კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შცვლილიყო ყოფა რიგითი ქართველის, ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეცდებიან ივანიშვილს ასიამოვნონ…დიდი მხიარულება იქნება – გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო