გიორგი მარგველაშვილი : საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო

საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებისას განაცხადა.

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბუნებრივად, ბოლო წლებში ჩვენი ერთად მოღვაწეობის შეჯამებაა. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა.

დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი.

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება რაც მაშინ იყო, იმიტომ რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, ის რაც გააკეთა დავით კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა.

ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან ეს მუშაობა და მოღვაწეობა გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენი ყოველდღიური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს. დღეს ჩვენ შევეცდებით შევაჯამოთ ის, რაც მერე განვვლეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ჩემი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან