გიორგი კვირიკაშვილმა სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან.

გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს მიულოცა საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ და საპროგნოზო მაჩვენებლებს. ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორში არსებულ დადებით ტენდენციასა და საქართველოში ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელზე. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო იქნება მაგალითი რეგიონში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ბექა ბასიალაიას მტკიცებით ფოთში პოლიცია მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით დევნის
შემდეგი სტატიაცნობილი ბელგიური კომპანია Guylian-ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა