გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე ალიანსმა მხარი დაუჭირა 2016 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის არსებობას და გადაწყვეტილებას კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახლავთ ალიანსის საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. კერძოდ იგი შეხვდა უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ისლანდიის, ლუქსემბურგის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრებზე გააცნო ევროპელ კოლეგებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა ხელისუფლების მზაობა განაგრძოს რეფორმები ამ მიმართულებით.

ევროპელი მინისტრების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაესვა ქვეყნის წამყვან პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ნატოს ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაში.

ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრებმა აღნიშნეს ამ მხრივ არსებული რეალური პოტენციალი, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ.

ევროპელმა კოლეგებმა გიორგი კვირიკაშვილს დაუდასტურეს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და ასევე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ევროპული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესების პროცესში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც ქვეყანა რეგიონალურ ჰაბათ აქცია ბიზნესის წარმოებისა და გლობალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძემ, აგვისტოში, მხოლოდ დანამატის სახით 10 203 ლარი აიღო
შემდეგი სტატია„მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“