გიორგი კვირიკაშვილი: ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულია შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ: “ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ! იმავდროულად, 25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას, პატრიოტებად და მოღალატებად; 25 წელი ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენს შორის; 25 წელი ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს; 25 წელი, მუდმივად, ჩვენს შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები. პატრიოტები მოდიან ხელისუფლებაში და იბრძვიან არა ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მტრების დასჯისთვის, მათზე უპირატესობის მოპოვებისათვის, მათზე გამარჯვებისათვის. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. . . 25 წელი – იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი – ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შეუძლებელია ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც! უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ, უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს. უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის. ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანას მხოლოდ მავნე წარსული ჰქონდა, გვახსოვდეს, რომ საქართველო ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების სამშობლოა, თქვენი სამშობლო ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო. მეკითხებიან, კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ ან როგორ. მე გეტყვით, რომ როცა „იავნანას“ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას. და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები. გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, გვინდა რომ ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო. გვინდა რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით. არ გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში. არ გვინდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, როდესაც სხვაგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ ყოველ დილით, გადიდებული თვალებით და მოლოდინში გასუსულები, რას იტყვიან ჩვენზე, შეგვიშვებენ თუ არა რომელიმე ქვეყანაში, დაგვეხმარებიან თუ არა ფულით, პოლიტიკური განცხადებებით თუ დემოკრატიის მშენებლობაში რჩევებით. გვინდა ვიყოთ ფრანგების, გერმანელების, ამერიკელების, ინგლისელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და ირლანდიელების, ნორვეგიელების, შვედებისა და დანიელების, ესპანელებისა და იტალიელების მეგობარი, ყველა ევროპელის მეგობარი, მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო. ჩვენ ვართ ქართველები! გვქვია საქართველო! ჩვენ, ყველანი, ყველა ერის წარმომადგენელი ვცხოვრობთ ერთ სახლში და ამ სახლს ჰქვია საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ღირსეული ერის ღირსეული ქვეყანა და ევროპელები და ამერიკელები იქნებიან ჩვენი ტოლი და სწორი, ჩვენი თანაბარუფლებიანი მეგობრები! როგორ? დასაწყისისთვის, დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება. 25 წელმა მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იხარჯებოდა. იმავდროულად, მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი. ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი. 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს. ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილითა და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი? რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ჩვენ ბედნიერს? არა! ჩვენ ამისთვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხოლოდ მოთმინებისათვის, არამედ ბედნიერებისთვის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნოდეთ, რომ ჩვენ ზურგს სახელმწიფო გვიმაგრებს, ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო! ამას გრძნობენ ებრაელები ისრაელში, ამას გრძნობენ ფრანგები საფრანგეთში, ამას გრძნობენ შვეიცარელები შვეიცარიაში! ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაში, რას გვინდა მივაღწიოთ როგორც ევროპელებმა ევროპულ ოჯახში, რა როლი უნდა ვითამაშოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა. და ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ, როგორი სამშობლო გვექნება ხვალ. ეს ეტყობა ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ. და რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ? როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შესძელით? როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფრის ამის ყურება. ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ! და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ორ ნაწილად! ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ ქვეყანას ნაწილებად! ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ჩვენთვის არის ქართველი, თუნდაც ის სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანის ადგილი არ არის ჩვენს გვერდით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და ის იქნება ერთი მდიდრისათვის და ღარიბისთვის; ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ შეღავათიანი პირობები სხვა ადამიანებთან შედარებით; დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, დიახ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ჩვენ ბევრნი ვართ. ქართული პოლიტიკის ტრაგედია სწორედ ისაა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზემოდან გვიყურებენ, საკუთარი თავი პრივილეგირებული ჰგონიათ და დაავიწყდათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, დაიბადნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, გაიზარდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში და ხშირად ივიწყებენ ამას. მეამაყება, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უარი უთხრა ასეთ პოლიტიკოსებს, ძალიან ბევრი ადამიანი ემიჯნება სიცრუეს საარჩევნო დაპირებებში, ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ ქართული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წარმატებასთან კი არა, გაჭირვებასთანაა ასოცირებული. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა თბილისზე, ჩემს ქალაქზე. ეს ლამაზად დაგეგმილი, უნიკალური, მდიდარი არქიტექტურის ქალაქი იყო, სანამ თანამედროვე ქართული პოლიტიკა არ მოვიდა ქალაქში. და აღმოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკის ერთ ნაწილს ეს ქალაქი განსაკუთრებით სძულდა: პრაქტიკულად აღარ არის ვერა და ვაკე, საბურთალო საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდა იქ არსებული ეკოლოგიური პირობების გამო და ახლა მივადექით ქალაქის ძველ უბნებს და მისი საუკეთესო ნაწილი გვინდა გარდავქმნათ, გადავაკეთოთ, ძველი გავაცუდოთ, ახალი გავაფეტიშოთ. აღმშენებლობა აუცილებლია, მაგრამ არა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. სოფელი მეორეხარისხოვანია ქართული პოლიტიკისთვის, თითქოს იქ ჩვენ არ ვცხოვრობდეთ, თითქოს სოფელი სხვა ქვეყანაა, სხვა სახელმწიფო. სოფლის განვითარების კონცეფცია არ არის ქართული პოლიტიკის პრიორიტეტი, სოფელი ტვირთია, სამწუხარო აუცილებლობა პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ არჩევნებიც მოვა, იმიტომ რომ სოფლის ხმები გვჭირდება და გვახსენდება სოფელი პერიოდულად . . . საქართველო მთის ქვეყანაა და ჩვენ მთას ვკარგავთ. ძალიან დაგვიანდა მთის შესახებ კანონმდებლობის მიღება და რასაც მივაღწიეთ, ის სრულიად არასაკმარისია. მთა დაიცლება, მთისგან მუზეუმიც აღარ დარჩება, ასე თუ გაგრძელდა. და ამ საქმეს გული სჭირდება, გონება და გული, თუმცა არ გვცალია, არ გვადარდებს, არ გვაღონებს, მთა ჩვენგან შორს არის . . . ამიტომ, ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი თქვენთაგანი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საფუძველი ეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას.

“ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის და მივესალმები ყველას, ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის და იზიარებს ამ სიხარულს. მივესალმები და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პატივცემულ სტუმრებს, სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც იცით, ამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, მინდა მივესალო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.

“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის – ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. ფართო წრეებში „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის „ადრონული თერაპიის“ მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა. სწორედ მათთან ერთად ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი. ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ინსტიტუტი უნდა გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი.

“მინდა გითხრათ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის.ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მინდა ხაზი გავუსვა, სტუდენტების სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს მთლიანად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“, რაც მართლაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში. ეს მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში – “დიღმის ჭალები” აშენდება.

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

banner
წინა სტატიაშიდუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ “ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საშუალებას მისცემს მეცნიერებს იმუშაონ და კვლევები აწარმოონ