გიორგი კვირიკაშვილი – ედუარდ შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება

ედუარდ შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი – ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატოს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.

ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა „ცივი ომის“ დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება“, – აცხადებს კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდის” თანამშრომლები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაპირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოკითხვაზე დაიბარეს