გიორგი კვირიკაშვილი : დარწმუნებული ვარ, რომ ილია ელოშვილი და ლევან დავითაშვილი წარმატებით გაართმევენ თავს ამოცანებს

დარწმუნებული ვარ, რომ ილია ელოშვილი და ლევან დავითაშვილი წარმატებით გაართმევენ თავს ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის ახალი მინისტრების წარდგენის დროს განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა. სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის ახალი მინისტრები დღემდე მინისტრის მოადგილის პოზიციებზე მუშაობდნენ.

„ლევან დავითაშვილი 2 წელია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა, ხოლო მანამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ლევანი პროფესიით ეკონომისტია, აროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. ბატონ ლევანს აქვს არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში მუშაობდა აგრარული დარგის განვითარებისთვის USAID-ის პროექტის ფარგლებში და ასევე, იყო მსოფლიო ბანკის ბიზნეს კონსულტანტი. ლევანთან არის დაკავშირებული ღვინის ექსპორტის კუთხით ბევრი წარმატება უკანასკნელი წლების განმავლობაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მას წარვადგენ მინისტრის პოსტზე სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ილია ელოშვილი 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა. მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ლუქსემბურგისა და ჰოლანდიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

„ილიას ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წამყვან პოზიციებზე მუშაობდა არაერთ კერძო კომპანიაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში – ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში მას მიღებული აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ილია არის ნამდვილად გამორჩეული ადამიანი. ლევანიც და ილიაც არიან პიროვნული თვისებებით ნამდვილად გამორჩეული ადამიანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებს და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და ოთარ დანელიას, რომლებიც დღეს საარჩევნო პროცესში ჩაერთნენ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ორივე მათგანს ძალიან მნიშნელოვანი ამოცანა აქვს. „დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები საარჩევნო პროცესს უკავშირდება, ვინაიდან მომავალ არჩევნებში, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე საარჩევნო სიით, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია -მაჟორიტარული წესით იყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელები მოსულის შტურმის გეგმაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაისრაელმა მიწისქვეშა კედლის მშენებლობა დაიწყო