გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2016 10:05

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას

საქართველოს განვითარების დღის წესრიგი, პირველ რიგში,საქართველოს მოქალაქეებისა და მათი თანასწორი უფლებებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეების ძალისა და მათთვის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაში მთავრობის როლის რწმენა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მდგრადი განვითარება შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გარეშე.ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას”,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რათა ვუპასუხოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

დღეს, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ძველ და ახალ წევრს.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად, ეს არის წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკუთრებით კი ციხეებში მომხდარი უმძიმესი დარღვევები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები. გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახალხან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ და შესაბამისი ცვლილებები ქმედითი და ხარისხიანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავამოქმედეთ სამართლებრივი და პროცესუალური მექანიზმები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან საბრძოლველად, მსხვერპლთათვის კომპენსაციის ჩათვლით.ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი.ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”,-განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2016 10:05