გიორგი კვირიკაშვილი – აბასთუმანში ხანძარი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ბორჯომის ხეობაში იყო

აბასთუმანში ცეცხლის კერაა. ხანძარი არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო ბორჯომის ხეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს აშხაბადში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანისა და უკრაინის მხრიდან დახმარების შესახებაც.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, რომელმაც დახმარება შესთავაზა, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანმაც.

“გუშინ საღამოს დამირეკა უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემომთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა, რომელიც, როგორც ვიცი, უკვე გზაშია. ასევე, სავარაუდოდ, გვექნება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არა მხოლოდ ამ დახმარებისთვის. ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ ავიაცია. ზოგადად, ასეთი მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციებში მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში ოფიციალური ვიზტით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი – ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ