თურქეთის ელჩი – ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ

საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება, რომლებიც აბასთუმანში ქართველ მაშველებს დაეხმარებიან.

როგორც ელჩმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, თურქეთი მზადაა, საქართველოს ისევ დაეხმაროს ხანძრის ლოკალიზებაში.

„ჩვენ მზად ვართ, ისევ დაგეხმაროთ. გვქონდა კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ისევ მოემართება აბასთუმნისკენ და დღისით ჩამოვა ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტში.

მეგობარი და მეზობელი ქვეყნებიც ამისთვისაა. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც საქართველოს დაეხმარა და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუს.