გიორგი კანდელაკი – სად არის, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი?

თქვენმა მთავრობამ ქუთაისის აეროპორტი 2013 წელს არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. აღიარებთ, ბატონო დიმიტრი, ამ შეცდომას? – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პირველ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

გიორგი კანდელაკმა დიმიტრი ქუმსიშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის დეპუტატი დაინტერესდა, თუ სად იყო პრემიერ-მინისტრი.

„პირველ რიგში, მე და პარლამენტის წევრებს გვაინტერესებს მოგვახსენოთ, სად არის ამჟამად, ამ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა. რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე. კოლეგებმა ისაუბრეს ფასების ზრდაზე, მართლაც ფასები გაიზარდა ყველაფერზე. ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელების ხელფასს, არც მასწავლებლების ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ, როცა 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე, რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქარაძის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ?“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს სოფლის მეურნეობა ზრდა იყო 0%, 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობა შემცირდა.

„ამ ფონზე ამაყობთ სოფლის მეურნეობის განვითარებით. მაგალითად, 150 მილიონი ლარი დაიხარჯა ე.წ. უფასო ხვნა-თესვის პროგრამაზე 3 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც მოხნული მიწების ფართობი, საერთო ჯამში, შემცირდა. მაინტერესებს, ამდაგვარი ხარჯები მიგაჩნიათ შეცდომად თუ ფლანგვად?“, – განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ნანონს თუ არა ფინანსთა მინისტრი იმას, რომ 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად გამოცხადა.
„ქუთასის აეროპორტით ამაყობთ, მაშინ როცა თქვენმა მთავრობამ ეს აეროპორტი 2013 წელს არამიზნობრვ ხარჯად გამოცხადა. აღიარებთ, ბატონო დიმიტრი, ამ შეცდომას? მე არამიზნობრივი ხარჯი ამბროლაურის აეროპორტი მგონია, რომელზეც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. მაშინ როცა 5 თვის განმავლობაში სულ 300-მა ადამიანმა ისარგებლა“, – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაპენსია 2019-2020 წლიდან გაიზრდება