ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

ამ ეტაპზე ვისვენებ, თუმცა დღეში რამდენიმე შეხვედრა მაქვს – ვაანალიზებ არჩევნებზე სად იყო შეცდომები დაშვებული და ვემზადები მომავლისთვის, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისი გეგმები „თბილისის ჰამქარს“ უკავშირდება და გარდა ამისა, სამომავლოდ პოლიტიკური პარტიის შექმნასაც გეგმავს.

„არაერთი საინტერესო იდეა გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს „ჰამქართან“ დაკავშირებით და პარალელურად, კიდევ ერთი წიგნის დაწერას ვაპირებ თბილისზე. დედაქალაქის პრობლემებზე ფიქრი მე წინასაარჩევნოდ არ დამიწყია და არც არჩევნების შემდეგ არ დამისრულებია. თბილისი და მისი პრობლემები ჩემი ცხოვრებისეული არჩევანია. სამომავლოდ პოლიტიკური გეგმები მაქვს და არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური პარტიის შექმნას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის ახალ მთავრობაში რომელიმე თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის საკითხი გამორიცხა, თუმცა ამავე დროს, მზაობა გამოთქვა, რომ თუ თბილისის ახალი ხელისუფლება მისი პროექტებით დაინტერესდება, შეუძლია გადასცეს ისინი.

„რაღაც პერიოდი კრიტიკას მოვერიდები, არსებობს დაუწერელი კანონი პოლიტიკურ კულტურაში, რომ პირველი 100 დღე ახალარჩეულ მთავრობას აცლიან ნაბიჯების გადადგმას.

გარდა ამისა, მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას, ვისაც ამ ქალაქისთვის სიკეთე უნდა. საჯაროდაც ვთქვი, რომ ნებისმიერ კარგ, თბილისისთვის სასარგებლო პროექტში კალაძეს ჩემზე დიდი მოკავშირე არ ეყოლება, მაგრამ საპირისპიროდაც ასევე იქნება, რომ რაც იქნება ქალაქისათვის საწინააღმდეგო, მისი ყველაზე დაუნდობელი მოწინააღმდეგე ვიქნები.

რაც შეეხება ჩემს პროექტებს, თუ რაიმე დააინტერესებს მას ან მის გუნდს, შეუძლია დამიკავშირდეს და ჩემს პროექტებს და გეგმებს გადავცემ, რომელიც ამ ქალაქისთვის საინტერესო და საჭირო იქნება.

რაც შეეხება რაიმე თანამდებობას, ჩემთვის „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ ხელისუფლებაში არანაირი თანამდებობა საინტერესო არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ხმების 17.48% მიიღო.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – სად არის, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი?