გიორგი გახარია: ვიღაცეები ცდილობენ, საქმეზე ლაპარაკს აგვაცდინონ, მაგრამ, ჩვენ მაინც თბილისზე, თბილისელებზე და იმ პრობლემებზე, უნდა ვილაპარაკოთ, რომლებიც სწრაფად და ერთად უნდა გადავწყვიტოთ

“ვიღაცეები ცდილობენ, საქმეზე ლაპარაკს აგვაცდინონ, მაგრამ, ჩვენ მაინც თბილისზე, თბილისელებზე და იმ პრობლემებზე, უნდა ვილაპარაკოთ, რომლებიც სწრაფად და ერთად უნდა გადავწყვიტოთ”-ამის შესახებ გიორგი გახარიამ მუხიანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ამ არჩევნების დროს, ისეთი ატყდება ხოლმე, ცირკი, ერთმანეთის გინება… არ არის ეს საინტერესო, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ, რას ვიზამთ, ჩვენ გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყანა ვართ და ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ. თან, მით უმეტეს, რომ ეს არჩევნები არ არის მუნიციპალური დონის, გაცდა ამ მუნიციპალურ დონეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეები ცდილობენ, ამ ყოველდღიურ საქმეზე ლაპარაკს აგვაცდინონ, იქ, ხან რაღაცა პლაკატებს გამოაკრავენ, ხან რაღაც ბანკებით დარბიან, ხან რაღაცა ტყუილებს იგონებენ, მაგრამ, ჩვენ მაინც, ჩვენს დღის წესრიგს მივყვებით. მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ წყნარად, მშვიდად, იმ ტყუილებისთვის და ბრალდებებისთვის ყოველთვის პასუხი გაგვიცია და გავცემთ. მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც თბილისზე უნდა ვილაპარაკოთ, თბილისელებზე უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც სწრაფად და ერთად უნდა გადავწყვიტოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია დღეს მუხიანში, მაჟორიტარობის კანდიდატთან ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ თბილისის რაიონების თანაბარ განვითარების მნიშვნელობაზე, მოსახლეობისთვის აუცილებელ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ესაუბრა.

„თბილისის სხვადასხვა რაიონებში არათანაბარი გადანაწილება ყველაფრის, სერვისების, ინფრასტრუქტურის განვითარების, მაგალითად, მუხიანში აქ რადიოქარხანა უნდა გაკეთებულიყო და ჯერ კიდევ დგას. მაგალითად, ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიც არის გზები, როგორიც არის ლიფტები, როგორიც არის ელემენტარული გამართული წყალმომარაგება. ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ყოველთვის გვექნება არჩევანი. ეს ფული, რომელიც გვაქვს, რაზე დავხარჯოთ – გზა გავიყვანოთ თუ ინტერნეტი, სკოლა გავარემონტოთ თუ ბაღი ავაშენოთ… მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. თქვენ უნდა იყოთ ჩართული. ეს არ უნდა ხდებოდეს სადღაც კაბინეტებში, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, მიწაზე ადგილზე რა ხდება. ეს ერთი და მეორე, შემდგომ, ეს გადაწყვეტილება რომ იქნება მიღებული, ეს ფული როგორ იხარჯება, საკრებულოს მთავარი ფუნქცია ეს არის, ეს უნდა კონტროლდებოდეს. იმიტომ, რომ ის ელემენტარული საბაზისო პრობლემები, რომლებიც ახლა აი, ასე, ჩვენს გარეუბნებში არის განფენილი, რა თქმა უნდა, მათი მოგვარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურა ქვეყანას, იბრძოლებს თითოეული მოქალაქისთვის.
„ნათია მეზვრიშვილი არის უაღრესად კეთილსინდისიერი, სახელმწიფოზე მსახურობს და ემსახურება ამ ქვეყანას წლებია, უაღრესად სამართლიანი, შრომისმოყვარე და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ყოველდღიურად, ჩათვალეთ, რომ იქნება თქვენს გვერდით. ნათია მეზვრიშვილს ისეთი სამართლიანობის განცდა აქვს, იბრძოლებს თითოეული თქვენგანისთვის იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ამ ქვეყანაში უკვე ყველა დაპირება წინასწარ გაცემულია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მთავარი პრინციპები ქალაქის და ქვეყნის მოწყობის უნდა შევცვალოთ! უნდა ვებრძოლოთ და არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში და ქალაქში კორუფცია, არ უნდა არსებობდეს ნეპოტიზმი, უნდა გვესმოდეს ყველას ერთად, რომ ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენს უბანში რა უნდა გავაკეთოთ და პრიორიტეტები როგორია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენს არჩეულ საჯარო მოხელეებს მოვთხოვოთ პასუხი, როგორ აკეთებენ თავიანთ საქმეს და რაც მთავარია, ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა. რა თქმა უნდა, გვჭირდება გამოცდილებაც. ერთი ძლიერი, გამოცდილი ადამიანი, 3-4 ახალგაზრდა. ამიტომ არის ამდენი ახალგაზრდა ჩვენს ირგვლივ. ამ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ ქვეყანაში, თავიანთ სამშობლოში მიღებული განათლებით თვითრეალიზაცია მოახდინონ და არ წავიდნენ სხვაგან და სხვა ქვეყნის სახელმწიფოებს არ ემსახურონ. ეს არის ის ძირითადი პრინციპები – კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და ახლა უკვე რა თქმა უნდა, არ არის ეს პოლიტიკური განზომილება, მაგრამ ის რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს არის უდიდესი პროვოკაცია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც პოლიტიკასთან ან საზოგადოებრივ ცხოვრებასთან რაიმე შეხება გვაქვს, ღირსება არ უნდა დავკარგოთ. ღირსება არ უნდა დავკარგოთ და ის, რაც დღეს ხდება ტელევიზიიდან ვისმენთ, როდესაც დღეს ერთს ამბობენ, ხვალ შეუძლიათ აბსოლუტურად სხვა თქვან. აი ეს უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული საუბარი, ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ეს ღუპავს ქვეყანას. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სამართლიანი წესრიგი, ძლიერი სახელმწიფო, ეს იქნება ძირითადი მიზნები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ და ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ერთად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს თბილისში, რეგიონებში, შევუქმნათ კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ღირსეულად იშრომოს და კეთილსინდისიერად არჩინოს თავისი ოჯახი.
მუნიციპალურ დონეზე დღეს უამრავი პრობლემა გვაქვს ჩვენ დაგროვილი, უამრავი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თბილისის მთავარი პრინციპი განვითარების უნდა იყოს და ჩვენ პირობებში იქნება თბილისის ეკონომიკის და რესურსის თანაბარი გადანაწილება უბნებზე. ამას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მანამ, სანამ ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურა და მოთხოვნილებები, მთლიანად ქალაქის მასშტაბით არ იქნება დაკმაყოფილებული. სანამ თბილისში ყველგან არ იქნება ნორმალური გზა, ნორმალური ბაღები, ნორმალური სკოლები, ნორმალური ჯანდაცვის სისტემა, სანამ თბილისში არ იქნება ნორმალური გზები და ნორმალური ტრანსპორტი, აი, ფასადები და სკვერები კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ეს საბაზისო ელემენტარული უნდა დავაკმაყოფილოთ ყველასთვის და მერე უნდა ვიზრუნოთ დანარჩენზე. მიდგომა იქნება ასეთი: კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ამ პრინციპით ავარჩევთ ადამიანებსაც და ამ პრინციპით არის არჩეული ნათია მეზვრიშვილიც“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია
შემდეგი სტატიაშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს