გიორგი გახარია შრომის ახალ კოდექსზე – არანაირ ბიზნესს, შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით

საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას ტყიბულში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება ახალი შრომის კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ბევრი ტრაგედია გვაქვს აქ გადატანილი, ყველას ერთად. როგორც კახიმ დღეს თქვა, საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რაც წლების წინ საერთოდ არავის ახსოვდა. ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში, ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი და ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა.

„გარდა ამისა, გულწრფელები უნდა ვიყოთ და ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ტყიბულში, ბევრგან, სხვაგან საქართველოშიც, მაგრამ ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტის საკითხი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში, სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა
შემდეგი სტატიაქუთათელი მიტროპოლიტი იოანე: ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, პატივი მივაგო ხელისუფლებას