ქუთათელი მიტროპოლიტი იოანე: ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, პატივი მივაგო ხელისუფლებას

ქუთათელ​-გაენათელი მიტროპოლიტმა იოანემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ხელისუფლებისთვის პატივის მისაგებად დაესწრო.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ღონისძიებაზე დასწრება მასში მონაწილეობას არ ნიშნავს და რომ ის არჩევნებში არ ერევა.

“დასწრება არ ნიშნავს მონაწილეობას. თქვენი კოლეგები უხვად ესწრებიან, მაგრამ არ მონაწილეობენ და მე რომ ვესწრები რატომ მითვლით მონაწილეობად. ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას.

პრემიერმინისტრი ქვეყნის პირველი პირია, ჩამოვიდა ეპარქიაში. ვიკითხე, ეს შეხვედრა მასთან შესაძლებელია თუ არაო. რასაკვირველია, პატივი მივაგე და შევხვდი, ჩემგან რამე სიტყვა გაგიგიათ არჩევნებზე?

მოქალაქე ვარ, მე უფლება მაქვს ჩემ ქვეყანაში სადაც მინდა იქ მივიდე, ეს ჩემი უფლებაა, რატომ ეხებით ჩემ უფლებას”. – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ქუთაისსა და წყალტუბოში დაესწრო. ეპისკოპოსმა ამ ღონისძიებების შემდეგაც თქვა, რომ იქ ხელისუფლებისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფორმულას” განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ “ქართული ოცნების” მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია შრომის ახალ კოდექსზე – არანაირ ბიზნესს, შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ უსაფრთხოების პირობები არ დავიცავით
შემდეგი სტატიაპარტია „ლელომ“ ქალთა საბჭოს კიდევ 12 წევრი წარადგინა