გიორგი გახარია – „შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიმართულება გაუჩნდა – ეს გახლავთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალურ პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმიჯნება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები, რაც მკაფიოდ გამოყოფს მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, სანაპირო დაცვის მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

“კრიმინალური პოლიციის რეფორმა უკვე მიმდინარე პროცესია, რეფორმის ძირითადი შინაარსი გახლავთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში გაჩნდეს სპეციალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალურ პოლიციაში უნდა გვქონდეს საუბნო მიმართულება, ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულება. საუბნო მიმართულების ნაწილში ჩვენ მივიღეთ ახალი თანამშრომლები და თბილისში, უკვე საპილოტე რეჟიმში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, მართლწესრიგის ოფიცრები გავუშვით და წლის ბოლომდე მთლიანად დავამთავრებთ თბილისს – ეს არის საუბნო მიმართულება. საგამოძიებო ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავზომეთ 1400 შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ცოდნის დონე, მათთვის შევადგინეთ ახალი საბაზისო კურსები და დავიწყეთ სრული გადამზადება. გარდა ამისა, ეს რა თქმა უნდა, ხორავას საქმის კონტექსტითაც იყო გამოწვეული – ჩვენ პროკურატურასთან იუსტიციის სამინისტროსთან, პარლამენტთან და ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, უკვე კონცეფციის დონეზე მოვამზადეთ გამოძიების ნაწილში კომპეტენციის გამიჯვნის მიდგომა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ იყოს აბსოლუტურად მკაფიოდ გამოყოფილი პასუხისმგებლობის ზონები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, ასევე საზედამხედველო ფუნქციები პროკურატურის, და ასევე, კიდევ ბევრი რამ, მაგალითად: ტექნიკურ ნაწილში სამხრე კამერები, კამერების ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის და ქალაქის მასშტაბით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილება, რომელსაც სულ ახლო მომავალში ექნება აბსოლუტურად ახალი შენობა და ახალი დნმ ლაბორატორია. რეალურად ეს ყველაფერი არის მიმდინარე პროცესი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის ძირითადი “ჰაბი”, სადაც უნდა მოხდეს თვითონ სისტემური ცვლილებების დამადასტურებელი პროცესები. სადაც თითოეული პოლიციელი გაივლის ან გადამზადებას, ან ახალი პოლიციელი, რომელიც შემოვა სისტემაში ექნება აკადემია გავლილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთეთ ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. რა თქმა უნდა, აქვე გავაკეთეთ და ვთქვით, რომ გამოძიების ნაწილში, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გვყავდეს იურისტები უმაღლესი განათლებით და კიდევ ბევრი რამ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ საზღვრის დაცვა, სანაპირო დაცვა, ოკუპირებული ტერიტორიები, საგანგებო სამსახური, სტრატეგიული ობიექტების დაცვა, 112, მომსახურების სააგენტო. განსაკუთრებით საზღვრის ნაწილში, მინდა გამოვყო ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი, სადაც ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სანაპირო დაცვის ნაწილში, ჩვენ ვიწყებთ რეფორმების ახალ ტალღას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს, სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია და შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და აქ ძირითად როლს იძენს სწორედ სანაპირო დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიმართულება გაუჩნდა – ეს გახლავთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: შევარდნაძე რომ მონათლა ქაშვეთში, იმაზეც ეგრე თქვა: მძიმე ჯვარი აქვს…
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარი იპოვეს