გიორგი გახარია რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე – საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2020 17:40

გიორგი გახარია რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე – საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

თუ საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მაშინ პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და სხვა გამოსავალს ვპოულობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა და მათ შორის, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ისეც ფაქტია, რომ სამწუხაროდ, რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა აღუდგა.

„ახლა დავბრუნდეთ უკან და ხაზგასმით აღვნიშნავ, ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს, კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით. ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და მაშინ სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2020 17:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics