გიგლა ბარამიძე: „ოცნების“ განცხადებები გააზნაურებული მდაბიოების ღაღადისია

პარლამენტის სპიკერყოფილმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერებს გოიმები უწოდა. სვეტობაზე პრეტენზიის მქონე ნასპიკერალი ოპოზიციას უპასუხოდ არ დაუტოვებია. „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი ბოლო გამოხტომით დაამტკიცა, რომ „ქართული ოცნება“ იმსახურებდა ყველა იმ შეფასებას, რაც მათ მიმართ ბოლო წლებში გაკეთდა.
რას დაემსგავსა „ქართული ოცნება“, რატომ არ უშველის მათ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატების ფრიალი, რა გეგმები გააჩნია კობახიძის მიერ შეგინებულ ოპოზიციას – ამ საკითხებზე გიგლა ბარამიძე „თაიმერს“ ესაუბრება:
– ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი გოიმური ოპოზიცია, როგორც ახლა ჰყავს. ამასთან დაკავშირებით რას იტყოდით?
– პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა კობახიძემ თავისი „გასაოცარი“ გამონათქვამით ბეჭედი დაასვა იმ ეპითეტებს, რომლებსაც 2013 წლიდან ვიყენებდი მათ მიმართ. ასეთ ეპითეტებზე მას შემდეგ გადავედი, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნება“ კოჰაბიტაციაში იყო ჩაფლული და სამართლიანობას არ აღადგენდა. მე ამ ბოლო გამოხტომას დავარქმევდი „უერთადგილო ყარაჩოღელების ოჯახურ პორტრეტი ინტერიერში“. ისინი რომ ასეთ შეფასებას იმსახურებენ, ამას კობახიძემ, ბატონმა ჩიჩილაკამ, მსუქანი წერტილი დაუსვა.
– რა ეპითეტებით ამკობდით „ოცნებას“? მე კი მახსოვს, მაგრამ მკითხველსაც შევახსენოთ.
– ბევრი რამე მითქვამს. მაგალითად, არა შეჯდა მწყერი ხესა, ფინაჩები, წუპაკმაისტერები, პლებეები, ჩაჩნები, უნახავმა რა ნახაო, ჩანჩურები და მრავალი სხვა. ამას ყველაფერს გავაერთიანებდი ერთი სათაურის ქვეშ – გააზნაურებული მდაბიოების ღაღადისი. ასე შევაფასებდი მხატვრულ-ლიტერატურულად. სერიოზულად ამ კაცის როყიო წამობუტბუტებაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
– კობახიძის ბოლო განცხადება მართლა არ იმსახურებს სერიოზულ კომენტარს, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალიან ცუდად შეგაჩვიათ ოპოზიციას ენა. მარტო ნაცები რომ ელანძღა, კიდევ ჰო. ისე, იმ 9 წლის მანძილზე არავის ახსოვს კობახიძეს ერთი აუგი მაინც ეთქვა ნაციონალურ მოძრაობაზე. ის არც ნაცების წინააღმდეგ მოწყობილ აქციაზე გვინახავს სადმე.
– ვისზე რა აქვთ სალაპარაკო? არაფრით განსხვავდებიან ნაცებისგან. წარსულში სულ ნაცები არ იყვნენ? კომოსტბადალეული თალაკვაძე აიღეთ თუნდაც, პარლამენტის თავმჯდომარედ რომ უზით ახლა?! სანდრა რულოვსის თანაშემწე იყო და მის ტანსაცმელებს დაარბენინებდა გასარეცხად.

„ოცნებაში“ გადაბარგებული რომელი ნაცი ჩამოვთვალო კიდევ?! ძალიან ბევრნი არიან. ეს ღაღადისი იმიტომ ვახსენე, რომ გამწარებულები არიან ახლა და აღარ იციან რა ქნან. მათ უმეტესობას სახლში დიდი დოზით უკეთებენ დამაწყნარებლებს. ეტყობა, ცოტა შემოაკლდათ დოზა და რაც არიან სინამდვილეში, სწორედ ის გამოჩნდა. არის ასეთი გამოთქმები – „ვირისგან წიხლი ნუ გეწყინება“ და “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. რასაც წარმოადგენენ, დაგვანახეს. ახლა საზღვარგარეთ მიღებული განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატები გინდ წინ აიფარონ და გინდა სადმე სხვაგან. თქვენი სიშიშვლე არ იფარება ამ სერთიფიკატებით. შიშვლები ხართ დიდი ხანია და ეს ირაკლი კობახიძემ თავისი სულელური განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.
იქ სადაც პლებეების აღლუმია, ასეთ განცხადებებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ისინი საკუთარ თავებს შეურაცხყოფენ. მე, უბრალოდ, გამეცინა და მესიამოვნა, რომ ჩემი ეპითეტები ზუსტი გამოდგა, რაც სუპერგოიმმა ჩიჩილაკამ თავისი მონოლოგით დაამტკიცა.
ეპოქების შემონახვისთვის არსებობს თეთრი და შაბი წიგნები. დღევანდელი ქართული სინამდვილე უნდა აისახოს მუქი რუხი ფერის წიგნში. გადაშლი და შიგ არაფერი წერია სიტყვა არარაობის გარდა. აი, ამას იმსახურებს „ქართული ოცნება“.
– მოდით, ოპოზიციის ერთობაზეც ვისაუბროთ. ბევრს დღემდე ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაჯდომა.

– წლების მანძილზე ვხედავთ ასეთ სურათს – ფეისბუქ-ლომები სხედან და ყველას ლანძღავენ. ილია ჭავჭავაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო და თავისი პუბლიცისტიკა ფეისბუქზე გამოექვეყნებინა, მიწაში ჩადებდნენ. ეს ხალხი გარეთ არასდროს გამოდის. მხოლოდ მაშინ ტოვებენ კომპიუტერს, როდესაც გამარჯვებული გამოვლენილია. რიგში დგებიან, რომ გამარჯვებულმა რაღაც გადმოუგდოს.
ამ რვა წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ კოლაფსი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ვნახეთ ნაცებთან მათი კოჰაბიტაცია. ამის შემდეგ ხალხი სულ გვეუბნებოდა, რატომ არ ერთიანდებით ოპოზიცია ამათ წინააღმდეგო? ახლა გავერთიანდით და ამაზე გვლანძღავენ. არადა, მხოლოდ ერთ საკითხში ვართ გაერთიანებულნი. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებაზე. ხალხი, ვინც აქამდე გაერთიანებას გვთხოვდა, ახლა ილანძღება – ის რატომ ზის იქ, ის რატომ ზის აქ. იცით რა არის ბატონებო და ქალბატონებო? მე არავის ვეკითხები სად და ვისთან დავჯდები! ბევრისგან განსხვავებით, წელგამართული ვარ. წამოსაძახებელი არაფერი მაქვს. ჩვენს პარტიას აქამდე არაფერი შეშლია და არც ახლა გვეშლება. ჩვენ ვსხედვართ იქ, სადაც საზოგადოებრივი აზრია აკუმულირებული.
იქ ვიღაცების ჯდომა ჩვენც არ გვსიამოვნებს, მაგრამ ერთმანეთს სიყვარულს არავინ უხსნის. იქ ვზივართ იმიტომ, რომ აღარ გვინდა ორი პარტიის დიქტატი. საზოგადოება ითხოვს, რომ ორი პარტიის დიქტატი მრავალპარტიული სისტემით შეიცვალოს. იმისთვის, რომ მრავალპარტიულობა იყოს, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება. ამას ერთობის გარეშე ვერ მივაღწევთ, რადგან „ქართული ოცნება“ გადაგდებაზეა გადასული. ყველას ხომ უხარია, რომ დასავლეთი მხარს გვიჭერს?! ოპოზიცია ერთად რომ არ დამდგარიყო, ასეთი მხარდაჭერა არ იქნებოდა. ასე რომ, ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, განსაკუთრებით ფეისბუქის ლომებმა კლავიატურაზე კაკუნის მეტი რომ არაფერი უკეთებიათ!

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი – მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით
შემდეგი სტატიანატო რუსეთს მოუწოდებს, რუსეთ-საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები მოხსნას და „ღია ცის შეთანხმება“ სრულად შეასრულოს