გიგლა აგულაშვილი: შავი ზღვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს

ბათუმში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„შავი ზღვა წყლის უნიკალური ობიექტია. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს. მისი ფართობი შეადგენს 2 მლნ კვ.კმ და ფარავს ევროპის კონტინენტის თითქმის ერთ მესამედს. ამ ბუნებრივმა მოცემულობამ შავი ზღვა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული გახადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ნახევრადჩაკეტილი ბუნების გამო შავი ზღვა ძალიან მგრძნობიარეა ანთროპოგენული ზეგავლენის მიმართ და შესაბამისად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების დროს“ – განცხადა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ფორუმზე სიტყვის გამოსვლის დროს.

მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის სანაპირო ზონის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ტურისტული სექტორის პოტენციალის გაზრდის შესახებ.

„საქართველო არის გემებიდან დაბინძურების პრევენციის (მარპოლის) კონვენციის და შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის (ბუქარესტის) კონვენციის მხარე ქვეყანა, რაც წარმოადგენს ერთობლივი და კოორდინირებული ქმედებების საფუძველს შავი ზღვის ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად. აქვე აღვნიშნავ, რომ 2016 წელს საქართველო თავმჯდომარეობს კონვენციის ფარგლებში შექმნილ შავი ზღვის კომისიას“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზღვის დაბინძურების რისკებთან, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ავარიებმა, გადატვირთვებმა, საბუნკერო ოპერაციებმა და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულმა საზღვაო ინციდენტებმა.

ამგვარმა დაბინძურებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც ზღვის ცოცხალ სამყაროს, ასევე სანაპიროზე განთავსებულ ობიექტებს, რეკრეაციულ ადგილებს და მეთევზეობას. 2015 წლის განმავლობაში საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წლის დასაწყისიდან კი – 15. ამ პერიოდში გემების დაჯარიმების საერთო თანხამ 2 მლნ. ლარამდე შეადგინა.

„გადახდილი ჯარიმებით ზღვისთვის მიყენებულ ზიანს ვერც შევამსუბუქებთ და ვერც პირვანდელ ეკოლოგიურ მდგომარეობას დავუბრუნებთ მას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე გავამახვილოთ ყურადღება.

მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად მუშაობს საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში ევროგაერთიანების ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესრულებაზე. მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შესაბამის დირექტივასთან, დაგეგმილია ზღვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და ღონისძიებების პროგრამის მომზადება ზღვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი : არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება