,,გიგი უგულავას პატიმრობა ბიძინა ივანიშვილის შურისძიება იყო” -სააკაშვილი უგულავას გათავისუფლებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. თბილსერვისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.

სააკაშვილის თქმით, გიგი უგულავას პატიმრობა ბიძინა ივანიშვილის შურისძიება იყო.

“მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში.

ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე.

ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

banner
წინა სტატიაში„კანონის მიხედვით გიგი უგულავა დღესვე უნდა გათავისუფლდეს“ – ბექა ბასილაია
შემდეგი სტატიატრამპი ყველა ელჩს გადააყენებს, რომლებიც ობამას დროს დაინიშნნენ