გიგი უგულავა – პროტესტი იქნება უმწვავესი – უნდა ველოდოთ ყველაფერს

პროტესტი იქნება უმწვავესი – უნდა ველოდოთ ყველაფერს – სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

უგულავას თქმით, მათთვის ცნობილია იმ სამართალდამცავების სახელები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ და უნდა იცოდნენ, რომ მათ ექნებათ „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში აღარ იქნებიან.

„ჩვენ ვხედავთ არნახულ საერთაშორისო მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ და უდიდეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ჩვენ აქ ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელარუსს. აქაური ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე არაფერი და ვერაფერი მოხდება, სამწუხაროდ. განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ. პროტესტს მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გავიდა ყველა წითელ ხაზს იქით, როდესაც ვანდალიზმი გახდა ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორე ხარისხოვან მოქალაქედ, მიიღებ აუცილებლად მწვავე პროტესტს. პროტესტი იქნება უმწვავესი მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნება გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს. რასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, უნდა ველოდოთ ყველაფერს – პიკეტი, მანიფეატაციები ყველა ქალაქში, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის დრო წავიდა აი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით – არა! ვინც არის ვანდალი, ვინც აი, ასეთ რამეზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ იქნება იმიტომ, რომ ის არის მონა და ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ის, ვინც ემსახურება ხალხს და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიარასამთავრობოები – სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება არასწორია
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობაა!