გიგი წერეთელი – რასმუსენის იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ეს ნატო-ს პოზიცია იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი წერეთლის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მეხუთე მუხლის იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ეს ნატო-ს პოზიცია იქნება.

როგორც ჟურნალისტებს წერეთელმა განუცხადა, მეხუთე მუხლის თაობაზე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას დამატებითი განმარტებები სჭირდება, რადგან საუბარი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისით რამე დათმობაზე.

„ახალი საკითხი არ არის, რომ ნატო-ს ისტორიული პრეცედენტებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული რეჟიმი – მეხუთე მუხლი არ განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განხორციელდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც დროებით, მორატორიუმის რეჟიმში იქნება. ეს იდეა სერიოზულად განსახილველია, თუ ნატო-ს პოზიცია იქნება. ეს ჯერ არ არის ნატო-ს პოზიცია, არის ყოფილი გენერალური მდივნის პოზიცია. თუ მსგავსი პოზიცია ნატო-ს ექნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის დიდი ნაბიჯი იქნება ნატო-ში გაწევრიანებისა და დეოკუპაციის მიმართულებით. შეიძლება, რუსეთიდან ფსევდო პატრიოტული ნარატივი წამოვიდეს, რაც სწორი არ არის. თუ ხელისუფლება კარგად იმუშავებს და საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, გერმანული რეჟიმი საქართველოშიც შეიძლება, განხორციელდეს და ქვეყანამ უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები მიიღოს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაშილომია: კარგი იქნება, კრამერი თუ ბოდიშს მოიხდის, ვაპირებთ აშშ-ის საელჩოში ნოტის გაგზავნას
შემდეგი სტატიაილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა