გიგა ბოკერია: ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ანტისემიტური განცხადებების დაგმობას და ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სასულიერო პირებისაგან გაჟღერებულ ანტისემიტურ განცხადებებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, სასულიერო პირების ეს საქციელი არის საფრთე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ.
ბოკერია ასევე გამოეხმაურა ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ჟვანიას ეს განცხადება იყო სამარცხვინო და მიმართულია ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ, რომელსაც არ მოჰყოლია განმარტება ივანიშვილის გუნდის არცერთი წარმომადგენლისაგან.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო მოითხოვს მკაფიო პოზიციას ხელისუფლების მხრიდან ელჩი ჟვანიას გამოწვევის სახით.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო, ანტისემიტური განცხადება. ამას შემდეგ მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო. ეს საქციელი არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას და ზიანს აყენებს ჩვენს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე.
ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ჟვანიას საგანგაშო განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია განმარტება ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს.
მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს ამ განცხადების დაგმობის ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია“, – განაცხადა ბოკარიამ.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ფიქსირდება 6 ლოკაციაზე
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია: მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ